ლევან ქისტაური: მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და შოკების ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე მნიშვნელოვანწილად ამოწურულია

ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედ ფაქტორებსა და გამოწვევებზე "ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის დოქტორს, პროფესორს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსტეტის "ფინანსებისა და საბანკო საქმის" პროგრამის ხელმძღვანელ ლევან ქისტაურს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით დღეის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკას, მასზე მოქმედ ფაქტორებს და გამოწვევებს?

- ოქტომბრის თვისთვის საქართველოს ეკონომიკაში შემდეგი მდგომარეობა გვაქვს: სახეზეა ლარის დაახლოებით 40%-იანი დევალვაცია, ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება (მშპ-ს ზრდა კორექტირებული გეგმის მიხედვით წლიური 2%-ია, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 5%-სა, თუმცა სავარაუდოდ წლის ბოლოსათვის იგი 3%-ს მიაღწევს), ოქტომბრის დასაწყისისათვის ინფლაცია 5.2%-ია, რომელიც ჩვენის აზრით, 2016 წლის იანვრისათვის 7%-ს მიაღწევს (2015წ. გეგმური მაჩვენებელი 5%). მოდით, ერთად მიმოვიხილოთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები. პირობითად დავყოთ ისინი გარე და შიდა ფაქტორებად:

გარე ფაქტორები - ა). მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ვარდნა (ბარელი ნავთობის ფასი 115 აშშ. დოლარიდან დაახლოებით 47-50 აშშ. დოლარამდე დაეცა და სავარაუდოდ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში აღნიშნული ტენდენცია გარძელდება). ირანისათვის სანქციების მოხსნის ამოქმედების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ ნავთობის ბაზარზე მიწოდების თანმიმდევრულ ზრდას და ფასის დამატებით 10%-იან კლებას. ბ). ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების არნახული შემცირება, საფონდო ბაზრის ინდექსის მკვეთრი ვარდნა, ჩინური იუანის ჯერ-ჯერობით 3%-იანი დევალვაცია (სავარაუდოდ დევალვაცია მოკლე ხანში 7% გადააჭარბებს); გ). მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსული რუბლის დევალვაცია დაახლოებით 65%-ით, უკრაინული გრივნასი - 67%-ით, ყაზახური ტენგეს - 49%-ით, თურქული ლირას - 35%-ით, ევროს - 13%-ით და ა.შ. და მათი გავლენა ჩვენს სავაჭრო და საგადამხდელო ბალანსზე; დ). განვითარებად ეკონომიკებში ინვესტიციების მკვეთრი არათუ კლების და არამედ ქვეყნიდან გადინების ტენდენცია ე). ევროზონის ქვეყნების ეკონომიკის საპროგნოზოზე ნაკლები ტემპებით ზრდა. აღიშნულს შეიძლება მ.წ. ბოლოს (ან 2016წ. პირველ ნახევარში) დაემატოს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება განაკვეთის გაზრდის თაობაზე, რაც დოლარის კურის შემდგომი გამყარებისკენ იქნება მიმართული და ა.შ.

შიდა ფაქტორები - ა). "სოციალურად ორიენტირებული" ეკონომიკური პოლიტიკა; ბ). პრივატიზაციის დაბალი ტემპი და ამ წყაროდან შემოსავლების არასაკმარისი ოდენობა; გ).პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კრიტიკულად არასაკმარისი მოცულობა (მ.წ. ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 1.2 მლრდ. აშშ. დოლარის უცხოური ინვესტიცია მაინც სჭირდება); დ). ტურიზმით მიღებული შემოსავლების კლება (ტურიზმიდან შემოსავლების და არა ტურისტთა რაოდენობის კლება, ვინაიდან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და ა.შ. შემოსული ტურისტები მათ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო საქართველოში ხარჯავენ იმაზე ნაკლებ თანხას ვიდრე ტრადიციულად, ან თუნდაც იგივე ოდენობის ლარის დახარჯვის შემთხვევაში მყარ ვალუტაში მათი ოდენობა შემცირებულია ლარის დევალვაციის ოდენობით); ე). ინფრასტრუქტურული პროექტების არასაკმარისი მაშტაბები, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე შესაბამისი ასიგნებების ათვისების არასათანადო ტემპები; ვ). ფულადი გზავნილებებით შემოსული თანხების კლება და ა.შ.

- ასეთ ვითარებაში რას შეიძლება ველოდოთ მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში?

- დღეის მდგომარეობით, იმ მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და შოკების ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკასა და ლარის კურსზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა განვლილი პერიოდის განმავლობაში და, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შეიძლება ითქვას რომ, მნიშვნელოვანწილად ამოწურულია, ლარმა თავის თავზე მიიღო ეს დარტყმა, ლარის ინდექსი იმ ნიშნულზეა, რომ შემდგომი დევალვაციისთვის ამ ეტაპზე (ხაზს ვუსვამთ - ამ ეტაპზე) მაკროეკონომიკური საფუძვლები აღარ არსებობს. შესაბამისად არ უნდა ველოდოთ ლარის კურსის შემდგომ მკვეთრ და მნიშვნელოვან ვარდნას. ადგილი ექნება გარკვეულ რყევებს, მაგრამ ეს მცურავი გაცვლითი კურსის ბუნებრივი თვისებაა, მისი არსიც სწორედ ამაშია. თუმცა, დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს. კრიზისულ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია, გარე ფაქტორების თუ შოკების ნეგატიური ზემოქმედება ქართულ ეკონომიკასა და ლარის კურსზე საბოლოოდ არ დასრულებულა. უფრო მეტიც, უნდა ველოდოთ ახალ ტალღას უკვე მიკორეკონომიკის, შიდა მეურნეობების დონეზე, რომელიც ,,ფარული" მაგრამ შესაძლოა უფრო მწვავე და ხანგრძლივმოქმედი აღმჩნდეს.

- რას გულისხმობთ?

- წინ არის ახალი გამოწვევები. 2016 წლისათვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია: ა). ეკონომიკური აქტივობის შემცირება; ბ). დასაქმების დონის შემცირება; გ). შემოსავლების, დაგროვების, მოხმარების კლება; დ) შეფერხებები ბიუჯეტის საკასო შესრულების, პირველ რიგში საგადასახადო შემოსავლების კუთხით; ე). სამეურნეო სუბიექტებს შორის გადაუხდელი ვალდებულებების ზრდა; ვ). საბანკო სისტემაში დანახარჯების და ვადაგადაცილებული სესხების ზრდა; ზ) საპროცენტო განაკვეთების ზრდა და სხვ. ეს ყველაფერი ძალზედ მტკივნეულია, თუმცა პროფესიონალებმა იციან რომ ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური მოვლენაა. შესაბამისად პანიკა, აჟიოტაჟი და გადაბრალებები ნამდვილად არაა საჭირო.

იხილეთ სრულად