ქიბარ ხალვაშის სკანდალური ინტერვიუ

"2006 წლის ნოემბერში დამირეკა არველაძემ და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მაშინ არველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, კაბინეტში ბეჟუაშვილიც დამხვდა, ტელეკომპანია "მზის" და "რუსთავი 2"-ის 33%-ის დათმობა მომთხოვეს," - ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხალვაში ამბობს, მაშინ ის ორივე კომპანიის 78%-ს ფლობდა და 33% ნიშნავდა, რომ კონტროლი უნდა დაეთმო. "სამაგიეროდ, მომცემდნენ პირველი სტერეოს 45%-ს. ჯერ ვკითხე, მათემატიკის აზრზე თუ იყვნენ, მერე კი არველაძეს ვკითხე, პირადად თვითონ რატომ მელაპარაკებოდა, რა უფლებით და თუ ბეჟუაშვილს ჰქონდა წინადადება, მას იქ რა ესაქმებოდა. ასე რომ, ბოდიში მოვიხადე, ვერაფერი გავიგე-მეთქი და წავედი. იქედან გამოსული მეგობართან ერთად ჩოგბურთის სათამაშოდ წავედი. ატყდა რეკვა, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მირეკავდნენ, ხან დაცვის უფროსი რეკავდა და ხანაც - სამდივნოდან. ვიცოდი, რა თემაზეც უნდოდათ საუბარი და სანამ არ მოვრჩი ჩოგბურთის თამაშს, მანამდე არ ვუპასუხე. დაახლოებით თორმეტის ნახევარი იყო, პრეზიდენტთან რომ მივედი. მიშამ კატეგორიულად მომთხოვა "რუსთავი 2", წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ მითხრა, რომ ყველაფერს დავკარგავდი თავისუფლების ჩათვლით. მეორე დღეს დამირეკა დიმიტრი ქიტოშვილმა, ნოტარიუსთან დამიბარეს და წილი გადამაფორმებინეს",- აცხადებს ხალვაში "ვერსიასთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, ქიტოშვილმა მიიყვანა ვინმე ბიძინა ნიჟარაძე და ამ ადამიანზე გადააფორმებინეს კუთვნილი წილი. "დანარჩენი ნაწილი გაფორმდა "საქცემენტზე". შემდგომი ოპერაციები ზუსტად არ მახსოვს. იმ დღეს კიდევ ერთი კომიკური ისტორია მოხდა. როდესაც დავიშალეთ და ნოტარიუსისგან წამოვედით, ზარი დამაწიეს - ვაიმე "მზის" წილების გადაფორმება დაგვავიწყდაო",- აცხადებს ხალვაში.

წყარო: გაზეთი "ვერსია"