სომხეთი და ირანი საქართველოს გავლით სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხზე მუშაობენ

სომხეთი და ირანი სატრანსპორტო კორიდორის შექმნის საკითხზე მუშაობენ, რომელიც სპარსეთის ყურიდან შავი ზღვის გავლით ბულგარეთზე გავა. ამის შესახებ სომხეთში ვიზიტით მყოფმა ირანის ტრანსპორტის მინისტრმა აბას აჰმად აჰუნდიმ, რადიო "თავისუფლების" სომხურ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. "ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვისაც, რადგან ზღვაზე გასასვლელი არა აქვს. მას ეს კორიდორი სპარსეთის ყურეზე გასასვლელადაც გამოადგება. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გამოვიყენოთ სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიები შავ ზღვაზე გასვლის მიზნით", - განაცხადა აჰუნდიმ. მისი თქმით, ამ კონტექსტში საუბარი იყო ოთხმხრივ შეთანხმებაზე, რომელიც ირანს, სომხეთს, საქართველოსა და ბულგარეთს მოიცავს. ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, დელეგაციამ ასევე, სომხურ მხარესთან ავტომაგისტრალისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხები განიხილა.

ირანი-სომხეთის რკინიგზის მშენებლობაზე საუბარი ბოლო რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს. გასული წლის აგვისტოში სომხეთის მთავრობამ რკინიგზის მშენებლობის წინასწარი პროგრამა დაამტკიცა. პროექტის ღირებულება 3,5 მილიარდი დოლარია. რკინიგზის სიგრძე 316 კილომეტრია. პროექტის ინფრასტრუქტურაში 19,4 კილომეტრის სიგრძის 64 ხიდი, 102,3 კილომეტრის 60 გვირაბი და 27 სადგური შედის. როგორც მოსალოდნელია, მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 25 მილიონ ტონას შეადგენს.

აღნიშნული პროექტი ჩინეთის მშენებლობისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კომპანიამ შეიმუშავა. ჩინურმა ბანკებმა კი, პროექტის 60%-ის დაფინანსების მზადყოფნა გამოთქვეს.