გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "აბრეშუმის გზის" ფორუმის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, უენცაი ჟანგს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს ფორუმში მონაწილეობისთვის. თავის მხრივ, უენცაი ჟანგმა მადლობა გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ფორუმის ორგანიზების და "აბრეშუმის გზის" პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ინიციატივების გამო. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საქართველოში აზიური კაპიტალის მოზიდვის, კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებისა და ადმინისტრაციული რესურსის რეფორმირების და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე უენცაი ჟანგმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლებასა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის უაღრესად კარგი პრაქტიკა და გამოთქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მონაწილეობით საინვესტიციო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში.