ეროვნული ბრენდების რეიტინგში საქართველომ 93-ე ადგილზე გადაინაცვლა

ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა. კომპანია Brand Finance-ის რეიტინგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია. ყველაზე ღირებული ეროვნული ბრენდების პირველი ათეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, ინდოეთი, კანადა, იტალია და ავსტრალია.

კვლევის ავტორების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ეროვნულ ბრენდად. ,,იქაური ბიზნეს-კლიმატი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. აშშ, რბილი და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს. ქვეყანა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს დარჩეს ყველაზე ღირებულ ეროვნულ ბრენდად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და როლი თანდათან უფრო ძლიერდება მსოფლიო მასშტაბით."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა. მსოფლიო რეიტინგებში ქვეყანამ 91-დან 93-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შესამჩნევია ირანის პოზიციების გაუმჯობესება. ირანი წელს ყველაზე სწრაფად მზარდ ეროვნული ბრენდად დასახელდა. ქვეყანამ რეიტინგებში 46-ე ადგილი დაიკავა. ამ ყოველივეს კვლევის ავტორები პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ზომიერ პოლიტიკას უკავშირებენ. პოზიციები ყველაზე მეტად უკრაინამ დაკარგა, პოლიტიკური მდგომარეობისა და საომარი მოქმედებების გამო მისი, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება 45%-ით გაუარესდა.

ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის კვლევისას ძირითადი კრიტერიუმებია: დამოუკიდებლობა, ტექნიკური სანდოობა, გამჭირვალობა და ექსპერტიზა.

ქრისტინე გამთენაძე