დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესმენების ფორუმში მონაწილეობა, რათა მათ მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ორი დღის მანძილზე შეძლეს ის, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ ინვესტორებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდეს.  როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ფორუმის შეჯამებისას განუცხადა, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღეც, გუშინდელის მსგავსად, წარმატებულია.

"დღეს დილით ჩვენ გვქონდა რამდენიმე დისკუსია, მათ შორის ინვესტიციების შესაძლებლობების განხილვა საქართველოში. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა რვა მოდერატორი, დისკუსიას დაესწრო 200-მდე დაინტერესებული პირი, სადაც მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნულ დისკუსიაზე, რომ ისინი გააგრძელებენ ინვესტიციებს საქართველოში. ასევე მოუწოდებენ სხვა ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ. ყველა გამომსვლელი აღნიშნავდა იმ გაუმჯობესებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია როგორც ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, ასევე საკუთრების უფლების თვალსაზრისით, ასევე იმ მიმზიდველობის თვალსაზრისით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უნდა აისახოს აუცილებლად ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ჩვენ ამ ორი დღის მანძილზე შევძელით ის, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ ინვესტორებს, იმ დაინტერესებულ კომპანიებს და ადამიანებს, ვინც საბოლოო ჯამში, ინვესტიციები უნდა განახორციელონ ჩვენს რეგიონში, ასევე უნდა შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში ადგილობრივი ბიზნესმენების მონაწილეობა, რათა მათ უფრო დამაჯერებლად და კომფორტულად იგრძნონ თავი და მოახერხონ და მოიზიდონ მეტი უცხოური ინვესტიცია და გააფართოვონ საკუთარი ბიზნესი.