სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში საკადრო ცვლილებებია

რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში საკადრო ცვლილებებია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სამსახურის უფრო ეფექტურად მუშაობის მიზნით, ფუნქციური და მენეჯერული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"რეგიონულ სასწრაფოებში მომსახურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტოპარკის სრულმა განახლებამ განაპირობა, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის წინ განხორციელდა, თუმცა ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ყველა სამსახურზე, აქაც, მონიტორინგს ვახორციელებდით. ეს არის საქართველოს მოსახლეობისთვის სტრატეგიული მიმართულება. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ აქაც ფუნქციური და მენეჯერული ცვლილებებია აუცილებელი, რათა სამსახურმა კიდევ უფრო ეფექტურად იმუშაოს. ხორციელდება რეორგანიზაცია. მენეჯმენტი შეიქმნება იმ სტრუქტურითა და იმ შემადგენლობით, რომელიც სერვისების ოპტიმალურ მიწოდებას უზრუნველჰყოფს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.