გიორგი კვირიკაშვილი: რიკოთზე ახალი გზა იმ შემთხვევაში იქნება ფასიანი, თუ ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება

ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რიკოთზე ახალი გზა იმ შემთხვევაში იქნება ფასიანი, თუ ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, ჯერჯერობით არის ორი სავარაუდო მოდელი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. "ერთი მოდელი გახლავთ ის, რომ ჩვენ დონორებისგან მოვიზიდოთ შედარებით იაფი, სუვერენული დაფინანსება და შემდგომში განიხილებოდეს კონცენსიური ალტერნატიული გზის გადაცემის პროექტი. რაც შეეხება მეორე მოდელს, მეორე მოდელში თავიდანვე იქნეს ჩართული კერძო კომპანია და მან თავად დააპროექტოს, ააშენოს და შემდგომ ფასიანი გახდეს. ფასიანი გზა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება როგორც არის და მიეხედება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი. ფასიანი გზების პრაქტიკა საქართველოში უნდა შემოვიდეს, მომავალში ვეცდებით გავაჩინოთ ისეთი სეგმენტები, სადაც პარალელურად ორი გზა იარსებებს, ერთი იქნება სახელმწიფო, მეორე ფასიანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.