დიმიტრი ქუმსიშვილი: გარე რეკლამის ბაზარზე მონოპოლიები არ უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ გარე რეკლამის ბაზარზე მონოპოლიები არ უნდა იყოს, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ გარე რეკლამის რეგულაციებთან დაკავშირებით კომპანიებმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს წერილით და თუ არის მინისტრი ამის შესახებ საქმის კურსში. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ წერილის შესახებ ინფორმირებული არ არის, თუმცა მერიიდან გამომდინარე გარე რეკლამის რეგულაციებთან დაკავშირებით აქვს ცოდნა.

"ვთვლი, რომ მართლაც დასარეგულირებელია ეს მიმართულება, ოღონდ არა რეგულაციებით, არამედ გასასწორებელია ის, რაც დღეს არის. ვფიქრობთ, რომ მონოპოლიები არ უნდა იყოს. უნდა იყოს ბაზარი გახსნილი. ბაზარზე უნდა იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ იმიტომ, რომ მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია იძლევა იმის შესაძლებლობას, ბაზარი მუდმივად განვითარდეს, გვქონდეს ახალი პროდუქტები. გარე რეკლამა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეკლამა არის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. მსოფლიოში არის ძალიან ბევრი ახალი და კარგი მიმართულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაკლია და ვიმედოვნებთ, რომ მოთამაშეები ამას შემოიტანენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.