ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უენჩაი ჟანგს და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. სამინსიტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს. მისი მხარდაჭერით პროექტები ხორციელდება წყალმომარაგების, ურბანული განვითარების, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სფეროებში.

"შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის მშენებლობის საკითხზე გამახვილდა. განხილული იქნა აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის, როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით პროექტების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.