დიმიტრი ქუმსიშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ორდღიანი ფორუმის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიმართა განხილვები ძალიან ბევრი მიმართულებით. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვა იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, რაზეც, მინისტრის განცხადებით, დისკუსიებში მონაწილე ყველა მხარემ აღნიშნა ის გაუმჯობესება, რომელიც დღეს არის ბიზნესგარემოში. "დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობა. ეს პროექტი არის 200 მილიონიანი დოლარის ღირებულების, რომლის მშენებლობის პროცესში უნდა შეიქმნას 500 სამუშაო ადგილი, ხოლო მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება, 200 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. აღნიშნულ პროექტს აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ვინაიდან თვითონ ნედლეული მოიპოვება ჩვენთან საქართველოში. ეს არის საქართველოში მოპოვებული ნახშირი. შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს ექსპორტირებულ ნედლეულს და ჩვენი ქვეყნიდან ნაკლები სავალუტო გადინებები იქნება. შედეგად, ჩვენი ლარი კიდევ უფრო მყარი იქნება, ვიდრე დღეს არის. ამასთან, გუშინ და გუშინწინ გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. ეს არის ხელშეკრულება ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, მინერალური წყლის ექსპორტთან დაკავშირებით და მრავალი სხვა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მან ისაუბრა ორმხრივ შეხვედრებზეც და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე კონკრეტული საკითხები განიხილეს. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, უახლოეს მომავალში კიდევ ელოდებიან კონკრეტული მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას. ეკონომიკის მინისტრმა ასევე შეაფასა ამერიკის დელეგაციასთან დღეს გამართული შეხვედრა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დელეგაციას ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადგილე, რომელიც, მისი თქმით, არის საკმაოდ მაღალი რანგის.  "დელეგაციის შემადგენლობა წარმომადგენლობითი იყო. ჩვენ შევეხეთ ყველა მომართულებას, რომელიც არის ჩვენს ურთიერთობებში. შევაფასეთ აღნიშნულ მიმართულებებში მიღწეული პროგრესი. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი კმაყოფილებით აღნიშნა ის წარმატებები და პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ შევთანხმდით მიმართულებების გაძლიერებაზე და მხარდაჭერაზე. პირადად ჩემთან იყო საუბარი ტურიზმის მიმართულების მხარდაჭერაზე, ქვეყნის პრომოციის გაძლიერებაზე. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობები განათლების ნაწილში, ტექნიკურ ნაწილში, ინოვაციურ ნაწილში, ტექნოლოგიებში. ყველა ამ მიმართულებით აშშ დიდ მხარდაჭერას გვიწევს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.