ჰერნანდო დე სოტო: ძალიან პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ საჭიროა და უნდა გქონდეთ მოქმედების საკუთარი სტრატეგია

მიმდინარე კვირას თბილისმა პირველად უმასპინძლა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“. მასშტაბურ საერთაშორისო ღონიძიებაში საქართველოს გარდა, ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა, რითიც საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივას - „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ პროექტს გამოეხმაურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" დანიშნულება არის არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე - ყველასთვის სარგებლის მოტანა.

გლობალური პროექტის განსახორციელებლად ჩინეთის მთავრობამ 40 მილიარდი დოლარი გამოყო. ფორუმის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  „ფორუმის შედეგად საქართველოს ძალიან ბევრი პროექტი დარჩება. ხელი მოეწერება ძალიან მნიშვნელოვან, 100 მილიონზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტს, რომელიც ტყიბულში უნდა განხორციელდეს. ასევე, ჩვენ ვილაპარაკეთ სატრანზიტო პოტენციალსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ტრანზიტმა უნდა მოიტანოს. ეს იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ჯამურად რამდენიმე მილიარდი ინვესტიციაა. ანაკლიის პორტის უკან, ასევე გაკეთდება 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ასევე შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ასევე გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ტვირთნაკადის ნაწილმა საქართველოს ტერიტორიაზე გიაროს. საქართველოს სახმელეთო და საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეძლებს მოემსახუროს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას. „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში ჩართულობით,  საქართველო შეასრულებს რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და გახდება მნიშვნელოვანი რგოლი ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ერთ-ერთი სპიკერი ცნობილი ეკონომისტი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD)-ის პრეზიდენტი ჰერნანდო დე სოტო იყო, რომელსაც bpn.ge, პანელის დასრულების შემდეგ, ექსკლუზიურად ესაუბრა.

- რა შედეგებს უნდა ელოდოს საქართველო „აბრეშუმის გზის ფორუმისგან“, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის ჩვენი ქვეყნისთვის?

- ვფიქრობ, თვითონ ფორუმის გამართვა შესანიშნავი იდეაა. ეს ძალიან წარმატებული ღონისძიებაა კონკრეტულად საქართველოსთვის, რადგან ფორუმმა თავი მოუყარა 31 ქვეყანას. გარდა ამისა, აბრეშუმის გზის იდეა არის განსაკუთრებული და უნიკალური. გუშინ მაგალითად, თბილისში სამხრეთ ამერიკის ოთხი ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს შევხვდი, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ აბრეშუმის გზის ფორუმზე დასწრებით და ყველა მათგანმა იცოდა თბილისის შესახებ. ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, მოულოდნელიც კი იყო. „აბრეშუმი გზა“ ქვეყნებს აძლევს ისტორიის შექმნის შესაძლებლობას. ასე რომ, ეს ერთგვარი ბრენდიც კია. მისი მთავარი იდეა ქვეყნებს შორის თანამშორმლობა, სხვა ერებთან საუბარია, რაც სიკეთის მომტანია თითოეული ქვეყნისთვის. ის ფაქტიც კი, რომ საქართველომ საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, ერთად შეეკრიბა ამდენი ქვეყანა, გადასარევია. გარდა ამისა, ეს შესანიშნავი საშუალება იყო მათთვის, ვინც აქამდე არ იცოდა, საკუთარი თვალით ენახა რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ. ასევე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ქართველი ხალხის განსაკუთრებულობას. თქვენ ძალიან განსხვავებული ხალხი ხართ, ქუჩაშიც კი ხალხი ღიმილით, თავაზიანად გხვდება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია. რაში ხედავთ ამ პროგრესს?

- პირველ რიგში, ეს ადმინისტრირებაა. მე ვსტუმრობდი იუსტიციის სახლს, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაცემა, იქნება ეს პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა თუ სხვა დოკუმენტების, ძალიან სწრაფად და ორგანიზებულად ხდება. თქვენ ასევე წამყვანი პოზიციები გიკავიათ „ბიზნესის კეთების“ (Doing Business) რეიტინგში, რაც თქვენი ქვეყნის წარმატებაზე მეტყველებს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია საქართველოს ბიზნესგარემო ინვესტორებისთვის?

- სამწუხაროდ, ამაზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, საქართველოში ჩემი ორდღიანი ვიზიტის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტორები დიდი სიმპათიით არიან განწყობილი საქართველოს მიმართ და აქ ინვესტიციების განხორციელებით.

- თქვენ ასევე შეხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს. რა იყოს ის მთავარი გზავნილები, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია?

- მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი სავსე არიან ენერგიით და ორიენტირებული არიან წინსვლისკენ. ასევე გამოირჩევიან გუნდურობითა და ერთსულოვნებით. მართალია, ეს მხოლოდ ორდღიანი შთაბეჭდილებაა, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დადებითი. მე ბევრი ქვეყნის მთავრობის წევრებს შევხვედრივარ, მაგრამ საქართველოს მთავრობაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გუნდურად მუშაობენ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის პრეზიდენტის ინიცირებულ პროექტში „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“. თქვენი შეფასებით, რას მოუტანს საქართველოს ამ პროექტში ჩართვა?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვათ, რომ „აბრეშმის გზის“ შექმნა იყო მისასალმებელი გადაწყვეტილება. ეს დაგაახლოვებთ თქვენს მეზობლებს, თქვენი მეზობლები კი საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენენ. გარდა ამისა, საქართველო გააღრმავებს ურთიერთობებს ჩინეთთან. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დამატებით ინვესტიციებს მოიტანს საქართველოში. აბრეშუმის გზა ასევე არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა თქვენთვის სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის კუთხით.

- ერთ-ერთი გამოსვლისას თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. რას გულისხმობთ სწორ გზაში?

- სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ გლობალიზაცია წინსვლის ერთადერთი სწორი გზაა. საქართველოს სწორი გზა კი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ მზად ხართ ქვეყნის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრირებისთვის. საქართველოს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ არ ეძებს მხოლოდ დასავლეთიზაციას, არამედ სხვა ქვეყნებთან თანამშორმლობისთვისაც მზად არის. მე ვნახე, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი, გახდეს გლობალური სამყაროს ნაწილი, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენ ძალიან პატარა ქვეყანა ხართ, ამიტომ საჭიროა და უნდა გქონდეთ მოქმედების საკუთარი სტრატეგია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შვეიცარია და სინგაპური. ჩვენ ვიცით, რომ ორივე ეს ქვეყანა საკმაოდ პატარაა, მაგრამ თავიანთი სტრატეგიის წყალობით ისინი ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ თქვენ გჭირდებათ სტრატეგია, როგორ ითანაცხოვროთ დიდ ქვეყნებთან ერთად.

- რა სტრატეგია უნდა შეიმუშავოს საქართველომ?

- სინგაპურის, შვეიცარიის, მაკაუს მსგავსად, თქვენ უნდა მოახდინოთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების ინსპირირება. აუცილებელია, გააკეთოთ ისეთი რაღაც, რაც მხოლოდ თქვენი იქნება. რა მოდელიც არ უნდა აიღოთ სხვა ქვეყნებისგან, ის ისევე წარმატებული ვერ გამოდგება თქვენთვის, როგორც იმ კონკრეტული ქვეყნისთვის. აუცილებელია, რომ თქვენ თავად განვითარდეთ ქვეყნის შიგნით და იპოვოთ თქვენი პირადი სტრატეგია, მოდელი, რომელსაც თქვენს ხალხს მოარგებთ. ახლა მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად სწორად გაიგებს ქართველი ხალხი ამ მოდელს. ასე რომ, ქვეყნის მთავრობას ორი რამ აქვს გადასაწყვეტი - თქვენ უნდა ჩართოთ ამაში სხვა ქვეყნები, მაგრამ ამავდროულად უნდა მიიზიდოთ თქვენი ხალხი, რომელთაც ამ მოდელის სიკეთე საკუთარ თავზე უნდა მიიღონ.

- თქვენ ისაუბრეთ გლობალურ ეკონომიკაზე, რომელიც კრიზისის ზღვარზე დგას. როგორ ფიქრობთ, მსოფლიო მართლაც არის გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე და თუ კი, რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

- გლობალური ეკონომიკური კრიზისი ეს ერთგვარი ციკლია, რომელიც რაღაც პერიოდულობით მეორდება. ვერ ვიტყვი, რომ ახლა გლობალური ეკონომიკისთვის კარგი დრო დგას, თუმცა სხვა მოთამაშეები არ არიან. ვგულისხმობ, რომ ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ზიმბაბვე ვერ იქნებიან გლობალური ეკონომიკის მთავარი მოთამაშეები. ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალი ბაზრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობაა.

მარი ჯავახიშვილი