ირანს ევრაზიული კავშირის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტი სომხეთის გავლით სურს

ირანი სომხეთს განიხილავს, როგორც პლატფორმას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ირანული პროდუქციის ექსპორტისთვის, - ეს განცხადება ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაქ ჯაჰანგირიმ სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა. „სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა. ირანი სომხეთს ერთადერთ ქვეყნად განიხილავს, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ირანული პროდუქციის ექსპორტისთვის კარგი პლატფორმა შეიძლება გახდეს“, -განაცხადა ჯაჰანგირიმ.

მისი თქმით, სომხეთი დიდ როლს თამაშობს სატრანზიტო ზონის კუთხითაც. „ჩვენ გვაქვს "ჩრდილოეთ-სამხრეთის" დერეფანი, ასევე უნდა გადაწყდეს სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი, რომელსაც რეგიონული მნიშვნელობა ექნება. ირანი ამ ორი პროგრამის განხორციელებისთვის მზად არის“, - განაცხადა ირანის ვიცე-პრემიერმა.