მიგრაციის კრიზისმა საკრუიზო გემების ბიზნესი ჩააგდო

ევროპაში მიგრანტების რაოდენობის რეკორდული ზრდის გამო ზოგიერთ ბიზნესს საფრთხე დაემუქრა. შემცირდა საკრუიზო ლაინერების გაქირავების შემთხვევები და მათი კლიენტების რაოდენობა. საკრუიზო კომპანიები შექმნილი კრიზისის გამო იძულებულები გახდნენ, ფასები შეემცირებინათ. ყველაზე მეტი კრუიზი ხმელთაშუა ზღვაში ხორციელდება. სწორედ აღნიშნული ზღვის გავლით ცდილობს ათასობით მიგრანტი ევროპამდე ჩაღწევას. შესაბამისად, დამსვენებლები არდადეგებისა და შვებულების ხმელთაშუა ზღვაში,  კრუიზში გატარებისგან თავს იკავებენ.

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საკრუიზო კომპანია Carnival-ის ხელმძღვანელობამ ბოლო კვარტლის მოგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი დევიდ ბერნშტაინი ამბობს, მიგრაციის კრიზისი ევროპისათვის და ზოგიერთი ბიზნესისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, კომპანია მაინც შეეცდება გააგრძელოს საქმიანობა მომავალ წელსაც და გაზარდოს მოგება.