ქართული ლუდის აქციზის გადასახადის ექსპერიმენტები

ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდნენ, როგორც ჩანს, ლუდის შიდა მწარმოებლების გამძლეობის შესამოწმებლად.

2014 წლის სექტემბერში სექტორს დარტყმა მიაყენა სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლმა, რომელიც კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში. ლუდის ბაზარი, რომელსაც 97% ადგილობრივი მწარმოებლები ამარაგებენ, მაშინვე შემცირდა 22%-ით (ფიზიკური მოცულობა, იხ. ჩარტი), წლიური თვალსაზრისით.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა მათ: გააორმაგა აქციზის გადასახადი და 2015 წლის იანვრიდან ის 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი გახდა (მნიშვნელოვანი ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ერთი ლიტრის საცალო ფასი საშუალოდ 3.2 ლარზე ნაკლები იყო).

ნატახტარის, ზედაზენისა და კასტელის მიერ ჩატარებულმა საჯარო კამპანიამ მოიტანა კომპრომისი: გადასახადი გაიზარდა მხოლოდ(?) 50%-ით და 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გახდა ლიტრზე. ასევე, გაზრდილი გადასახადი ძალაში შევიდა მხოლოდ 2015 წლის 1 მარტს, რამაც მწარმოებლებს ცოტა მეტი დრო მისცა, მორგებოდნენ ბაზარს და შეემუშავებინათ ახალი საინვესტიციო გეგმა.

და მაინც, 2015 წლის აპრილისთვის, შოკის მასშტაბი აშკარა გახდა. ლუდის ფასი იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე გაზრდილი გადასახადის რაოდენობა (სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემების მიხედვით, 37 თეთრით/ლიტრი, ანუ საშუალოდ დაახლოებით 12%-ით), რადგან მწარმოებლები შეეცადნენ დაეკომპენსირებინათ შემცირებული გაყიდვები. შედეგად, 2015 წლის აპრილიდან ივნისამდე ბაზარი შემცირდა 25%-ით ფიზიკური მოცულობით და 15%-ით გაყიდვებით. ტურიზმის ზრდა გახდა საჭირო, რომ სექტორის მუშაობა (დროებით) მიახლოებოდა 2014 წლის ივლისის დონეს.

ლუდის მწარმოებელთათვის მიყენებული ზარალი მართლაც დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლამდე ინდუსტრია სტაბილურად იზრდებოდა. ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაშვილის აზრით, 2015 წელს კომპანიაში დაფიქსირდა 5%-იანი ზრდა. 15%-იანი ვარდნა გაყიდვებში (და ლუდის ბაზრის მთლიანი მოცულობის) არის 20%-იანი ნაპრალი ნატახტარის რეალურ და დაგეგმილ სამუშაოს შორის, რამაც განაპირობა მენეჯმენტის გადაწყვეტილება, კაპიტალის ინვესტირებისთვის გათვალისწინებული მილიონობით ლარი მიმართოს ოპერაციულ ხარჯებზე, როგორიცაა რეკლამა და მარკეტინგი, რათა მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.

რა ხდება მომხმარებლების შემთხვევაში?

ცხადია, ქართველ მომხმარებლებს არ მოეწონათ ლუდის გაზრდილი ფასები. რა ხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით? არავინ იცის, რამდენად იყო ეს დაგეგმილი, მაგრამ აქციზის გადასახადის გაზრდამ შეიძლება ბიძგი მისცეს ქცევითი ჩვევების შეცვლას და შეამციროს ალკოჰოლისა და თამბაქოს მსგავსი "ცუდი" პროდუქტების მოხმარება, რითიც გაუმჯობესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საზოგადოებისთვის ამგვარად მინიჭებული ჯანმრთელობის სარგებლით შეიძლება გამართლდეს კერძო სექტორისთვის მიყენებული ზარალი. მართალია, თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ასეთ ოპტიმისტურ შეხედულებას არაფერი აქვს საერთო ქართულ რეალობასთან.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ჭაჭისა და ღვინის ტრადიციის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად ჩაანაცვლონ წარმოებული ალკოჰოლი მის შესანიშნავ შემცვლელს. ლუდი გაძვირდა, მაგრამ ადამიანები მარტივად დაუბრუნდნენ ღვინოს.

მეორე, საზოგადოების ჯანმრთელობა ნაკლებად აღელვებდათ ქართველ ფისკალურ ავტორიტეტებს. უფრო ძლიერ ლუდებზე უფრო მაღალი აქციზის გადასახადის დაწესებით (მაგ. 8%) მათ მარტივად შეეძლოთ საზოგადოების წაქეზება მოხმარების უფრო ჯანმრთელი ჩვევებისკენ (ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესაბამისად). თუმცა, როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მართებულად აღნიშნა, ქართველ პოლიტიკოსებს ამისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ.

დაბოლოს, თუ ჯანმრთელობა იყო სასურველი პოლიტიკური მიზანი, მთავრობას გადასახადი უნდა დაეწესებინა ღვინოზე (აქციზის გადასახადი ღვინოზე მოიხსნა რუსეთის 2006 წლის ემბარგოს შემდეგ), რომელსაც გაცილებით მაღალი ალკოჰოლური შემადგენლობა აქვს. თუმცა აშკარა პოლიტიკური მიზეზების გამო, აქციზის გადასახადი ღვინოზე არ დაწესებულა, რაც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, კვლავ ისიამოვნოს იაფი ალკოჰოლით.

იხილეთ გაგრძელება