„ამაზონმა“ მომხმარებლებს გაყალბებული რეცენზიისთვის უჩივლა

კომპანია „ამაზონმა“ 1000-ზე მეტ მომხმარებელს სიეტლის სასამართლოში უჩივლა და კომპანიის ვებგვერდზე ფალსიფიცირებული რეცენზიების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა.

„ამაზონის“ განცხადებით, საიტზე განთავსებული პროდუქციის ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს ფულს უხდის, რათა მათ ტყუილი რეცენზია დაწერონ. მათივე თქმით, ეს უარყოფითად აისახება „ამაზონის“ რეპუტაციაზე.

როგორც „ამაზონში“ აცხადებენ, საიტზე დარეგისტრირებული 1114 მომხმარებელი 5 დოლარის სანაცვლოდ პოზიტიური რიცენზიის დაწერასა და უმაღლეს შეფასებას სთავაზობს კომპანიებს.

„საბედნიეროდ, ასეთი ადამიანების რიცხვი ბევრი არ არის, მაგრამ მათი გამოხმაურებები ნეგატიურად აისახება „ამაზონზე“ და ჩვენი კომპანიის მომხმარებლის ნდობას შეასუსტებს“, - ნათქვამია „ამაზონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.