მაღალი კომუნალური ტარიფების საიდუმლო - "ყველა ხელისუფლების დროს ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი ენერგომაფიას"

"ენერგეტიკაში კვლავ არიან ადამიანები, ვინც ყოველთვის "აპრავებს" ტარიფების ზრდას"

ზამთრის დადგომასთან ერთად ენერგომოხმარებაც გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი.

ლარის გაუფასურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის დოლარით ნაყიდი გაზის გაძვირების საბაბით, სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფი ჯერ რეგიონებს, შემდეგ კი თბილისის მოსახლეობას გაუზარდა. პოლიტიკოსების შემდეგ ახლა უკვე სპეციალისტებიც ამბობენ, რომ საქართველოში მაღალი კომუნალური ტარიფების საიდუმლო სემეკის დათვლის მეთოდოლოგიაშია, რომელიც მოსახლეობის ძარცვის ხარჯზე ენერგოკომპანიების ინტერესებს ემსახურება.

დავით შაბურიშვილი, ფასების სახელმწიფო ინსპექციისა და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე:

- რადგან ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება კომუნალური ტარიფების შემცირება იყო, მეგონა, სემეკში პროფესიონალების შეყვანა უნდოდათ, რათა საბოლოოდ დაეთვალათ, რა ჯდება საქართველოში ელექტროენერგია. შემთხვევით გავიგე, რომ სემეკის წევრების კონკურსი გამოცხადდა და გადავწყვიტე, მონაწილეობა მეც მიმეღო. თავდაპირველად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემს დოკუმენტებს არ იღებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარგადგინოსო. გადავირიე, არასამთავრობო ორგანიზაცია რა შუაშია-მეთქი. შემდეგ, როგორც იქნა, შევიტანე საბუთები. დამიძახეს შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველ გიორგი აბაშიშვილთან. აღმოჩნდა, რომ არაფერი იყო გარკვეული. ისიც კი არ იცოდნენ, რა სპეციალობის უნდა ყოფილიყო სემეკის წევრობის კანდიდატი... მოკლედ, კონკურსი ფორმალური იყო.

- თქვენ რატომ შეიტანეთ საბუთები, რა გაძლევდათ იმედს, რომ შესაძლოა, თქვენზე შეეჩე­რებინათ არჩევანი?

- 18 წლიდან ამ სფეროში ვმუშაობ... ეკონომიკის სამინისტროში ვიყავი რეგულირებადი ტარიფებისა და ფასების განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც სემეკის შექმნამდე ამ სფეროს არეგულირებდა. სემეკის პირველი სტრუქტურაც ჩვენთან შეიქმნა და ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ იქ სამუშაოდ. მე ფასების ინსპექციაში დავრჩი და სემეკის დამტკიცებული ტარიფების გამოყენების სისწორეს ვამოწმებდით. 2001 წელს დანაშაულებრივი სქემა გამოვავლინეთ "თელასში" და 95 მილიონი ლარის გადახდა დავაკისრეთ. ბევრი დარღვევა ჰქონდა კომპანიას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "თელასი" ვითომ ატყუებდა სემეკს და ეს უკანასკნელიც თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. "თელასი" გამანაწილებელი კომპანიაა და ის ყიდულობს ელექტროენერგიას, რომელსაც სხვადასხვა ტარიფი აქვს, მათ შორის, ჰიდრო და თბოსადგურებზე გამომუშავებულს. თუმცა მოქმედებდა საშუალო შეწონილი ტარიფი, რომლის გაანგარიშება ყველა სახის შესყიდული ენერგი­იდან ხდებოდა. როცა სემეკი "თელასს" ტარიფს უდგენდა, "თელასის" განაცხადის საფუძველზე აღნიშნავდა, რომ კომპანიას ელექტროენერგიის შესყიდვა კონკრეტული საშუალო შეწონილი ტარიფი დაუჯდა. მოგეხსენებათ, რომ ჰიდროსადგურებზე ტარიფი იაფია, თბოსადგურებზე გამომუშავებული კი ძვირი. იმ დროს 1 კვტ/სთ-ის საშუალო შეწონილი ტარიფი 3,5-4 თეთრი გამოდიოდა.  შემოწმებით გაირკვა, რომ "თელასი" ელექტროენერგიის 98%-ს ჰიდროელექტროსადგურებისგან ყიდულობდა და 1,5-2 თეთრი უჯდებოდა. ამ საკითხს სასამართლოში განიხილავდნენ 7 წელიწადს. მაშინ "თელასის" ინტერესებს იცავდნენ სემეკის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირინა მილორავა (რომელიც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს წარმოადგენდა) და ვახტანგ ამბოკაძე (მაშინ "თელასის" წარმომადგენელი იყო, ახლა საბითუმო ბაზრის ხელმძღვანელია).

მეორე ინსტანციაში მოვიგე დავა, მაგრამ შემდეგ კონკურენციის სააგენტოს რეორგანიზაცია ჩაატარეს და სამსახურიდან გამომიშვეს. მანამდე კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. კახა ბენდუქიძემ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვა დააპირა იმ საბაბით, რომ ეს იყო ზარალიანი, "ჟანგიანი ტრუბა". გავაანალიზე და ისეთი რამ გამოვავლინე, რომ დანაშაულზე მეტი იყო, მაგრამ ვისთვის მეთქვა, ბენდუქიძე უკვე სახელმწიფო მინისტრი იყო. ამიტომ ჩემი კვლევა ვაშინგტონის ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძო­ლის ცენტრში გავგზავნე. ამერიკელები რამდენჯერმე ჩამოვიდნენ საქართველოში. მათთვისაც ძნელი დასაჯერებელი იყო ის, რაც ამ კვლევის შედეგად გავშიფრე.

იმ დროს "გაზპრომის" შვილობილ "იტერას" ჰქონდა დადებული ხელშეკრულება გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან და რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოს ნატურით 10% უნდა დარჩენოდა. ამ ხელშეკრულებით, საქართველოს მხარე სომხეთს წითელ ხიდამდე გაზს დანაკარგის გარეშე მიაწვდიდა. ქაღალდზე კი იწერებოდა, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მნიშვნელოვანი დანაკარგი ჰქონდა. იმხელა დანაკარგი იწერებოდა, რომ წესით, ეს ტერიტორია ფეთქებადსაშიშ ზონად უნდა გამოეცხადებინათ. რეალურად, ქართული მხარე კუთვნილი 10%-დან მხოლოდ 3%-ს იყენებდა, დანარჩენს კი ვითომ ზარალობდა. სინამდვილეში, ხელახლა ყიდდა გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ფურცელზე კი სახელმწიფო კომპანია ზარალზე მიდიოდა.

- მას შემდეგ რა შეიცვალა საქართველოს ენერგოსექტორში?

- არაფერი. ენერგეტიკაში კვლავ არიან პირები, ვინც "აპრავებენ" ტარიფების ზრდას. სემეკი კი ენერგოკომპანიების ინტერესებს ემსახურება და ძარცვავს მოსახლეობას. საქართველოში ტარიფების შემცირების გზა სემეკის დათვლის მეთოდიკაზე გადის. მეცინება, როცა ვუყურებ სემეკს, როგორ წვალობენ კომპანიებისთვის ტარიფის გასაზრდელად. ისეთ რამეს დებენ ტარიფში, რაც, ცხადია, უკანონოა. ტარიფის ბევრი კომპონენტი გადასინჯვასა და შემცირებას საჭიროებს. მაგალითად, 2008 წლიდან სემეკს დაწესებული აქვს "თელასისთვის" განაწილების ქსელში 12,4% ნორმატიული დანაკარგი. ეს დანაკარგი გათვალისწინებულია ტარიფში და ზრდის მას. არსებობდა სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის თანახმადაც, თუ ფაქტობრივი დანაკარგი ნორმატიულზე ნაკლებია, მაშინ სემეკმა ის დაუყოვნებლივ უნდა დაიყვანოს ფაქტობრივამდე და ტარიფი უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს მიდგომა სემეკმა მომხმარებლის საზიანოდ შეცვალა და ტარიფის დათვლის მეთოდიკას დაარქვა წამახალისებელი: "თუ ელექტროენერგიის ფაქტობრივი დანაკარგი ნაკლებია ქსელებისთვის დადგენილი დანაკარგის რაოდენობაზე, სხვაობით მიღებული მოგება რჩება საწარმოს". ეს სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული. თუ ელექტროენერგია არ იკარგება, მაშინ ნორმატივი უნდა შემცირდეს. ტარიფი ვერ შემცირდება, თუ ნორმატივს არ შეამცირებ. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეამცირეს დანაკარგი 12,4%-დან ფაქტობრივ 5,3%-მდე, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი გაზრდილი იყო 7,1%-ით. გამოდის, 2010 წლიდან დღემდე ამის საშუალებით ენერგოკომპანიებმა მრავალმილიონიანი მოგება ნახეს. მაგალითად, 2014 წელს დანაკარგი იყო 184 მილიონი კილოვატსაათი, სხვაობა ფაქტობრივ და ნორმატიულ დანაკარგს შორის თანხობრივად დაახლოებით 20 მილიონი ლარია, რაც "თელასს" დარჩა ამ ოპერაციისგან: ანუ კომპანიამ უკანონო შემოსავალი მიიღო - ის, რაც კომპანიას ტარიფში უკვე გათვალისწინებული ჰქონდა დანახარჯის სახით, კიდევ ერთხელ მიჰყიდა მომხმარებელს.

კონკურენცია არ არსებობს, რადგან განაწილების კომპანიები მიწოდების ლიცენზიასაც ფლობენ. მაგალითად, "თელასის" საკუთრებაა ჰიდროსადგურები "ხრამი 1" და "ხრამი 2" და ყველაზე დიდი თბოსადგურები, ყოფილი მე-9 და მე-10 ბლოკები. "ენერგოპროს" 15 ენერგომწარმოებელი და მიმწოდებელი ელექტროსადგური აქვს. კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯიას", რომელიც გაზის შემომტანია, 6 რეგიონული გამანაწილებელი კომპანია შეერწყა. სემეკს საერთოდ არა აქვს კონკურენციის მარეგულირებელი და კონკურენციის შეზღუდვის ამკრძალავი კანონმდებლობა. ხელოვნურად ხდებოდა კონკურენციის პროცესების ჩახშობა და ვერტიკალურ ჭრილში დარგის მონოპოლიზაცია. არადა, ევროკავშირის დირექტივით არ შეიძლება, გამანაწილებელი კომპანია მიწოდების ლიცენზიას ფლობდეს, რადგან მას უნდა ჰქონდეს ინტერესი, რაც შეიძლება იაფად შეიძინოს ელექტროენერგია. ადრე თუ საშუალო შეწონილი ტარიფით ხდებოდა ელექტროენერგიის შესყიდვა, ახლა გამანაწილებელი კომპანიები მომხმარებელზე თავის ძვირ ელექტროენერგიას ასაღებენ. მაგალითად, "ხრამ 1"-სა და "ხრამ 2"-ს 7-8 თეთრამდე გაუზარდეს ტარიფი. წლიურ ენერგობალანსს თუ შევხედავთ, დაახლოებით 75% ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია, 7% - იმპორტი და 18% - თბოსადგურების წარმოებული ელექტროენერგია. მაგრამ სემეკმა კომპანიებს ტარიფში თბოსადგურების წილი 53%-ით განუსაზღვრა. შესაბამისად, სემეკი ეხმარება კომპანიებს თავისი თბოსადგურებიდან ძვირი ელექტროენერგიის გასაღებაში. ჰესებიც ბაზარზე არათანაბარ მდგომარეობაში არიან: ზოგს 1 კვტ/სთ-ის ტარიფად 2 თეთრი აქვს დამტკიცებული, ზოგს 8 თეთრი და ზოგიც საერთოდ გათავისუფლებულია რეგულირებისგან. წარმოიდგინეთ, დერეგულირება ხდება ზამთარში, როცა ელექტროენერგია დეფიციტურია და მისი ფასი 7-9 თეთრამდე ადის. სემეკი არ აკეთებს მთავარს - როცა ელექტროენერგია არ არის დეფიციტური და პირიქით, წარმოება ჭარბობს მოხმარებას, უნდა მოხსნას ტარიფები და დარგის სრული დერეგულირება გამოაცხადოს 1-ლი აპრილიდან 1-ელ ოქტომბრამდე; ანუ ტარიფები უნდა დაამტკიცოს სეზონის მიხედვით. ამ მიდგომით ელექტროენერგიაზე ტარიფი აუცილებლად შემცირდება.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ სჭირდებათ სემეკში სპეციალისტები, რომლებიც სამართლიან ტარიფებს განსაზღვრავენ, ამიტომაც არჩევენ წევრებს გაურკვეველი კრიტერიუმებით. არადა, ყველა ელოდა, რომ პროფესიონალები შევიდოდნენ სემეკში და დაითვლიდნენ ამ ტარიფებს ერთხელ და სამუდამოდ, თუმცა ისევ მავანთა ინტერესების გათვალისწინება ხდება. მაგალითად, სემეკმა შექმნა 17 დეპარტამენტი და მათგან ნახევარზე მეტს სემეკის ფუნქციასთან კავშირი არა აქვს. მათ შორის, არც კონკურენციის დეპარტამენტი აქვთ. კომპანიებისთვის რეგულირების საფასურს, რომლითაც ამ უწყებას ინახავენ, თავად აწესებენ, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა იხდის ამ ფულს, რადგან ეს თანხა საბოლოოდ კომპანიის ხარჯებში აისახება. სემეკის წლიური დაფინანსება 8 მილიონი ლარია და ამ უწყებაში 112 კაცი მუშაობს. სემეკის მატერიალური სტიმულირების ფონდი, რომელიც, ძირითადად, თანამშრომლებისთვის პრემიების გასაცემად იხარჯება, 1,7 მილიონია. სემეკის თავმჯდომარე მილიონერია, რადგან 6 წელიწადში 2 მილიონი აქვს შემოსავალი ხელფასისა და პრემიის სახით. სამაგიეროდ, ყველა ხელისუფლების დროს ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი ენერგომაფიას, რომლის შემოსავალი საქართველოში ყოველ წელს რამდენიმე მილიარდ ლარს აღწევს.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"