"პაშა ბანკი" საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების - TMG 2015-ის სპონსორია

"პაშა ბანკი" 21-22 ოქტომბერს დაგეგმილი ყოველწლიური ორდღიანი ღონისძიების TMG 2015 -„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ სპონსორია, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ბანკის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას.

"პაშა ბანკი" რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დაუჭირა მხარი.

„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ 2010 წლიდან ტარდება და აღნიშნულ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის შეხვედრის, ერთმანეთის გაცნობის, თანამედროვე ტენდენციების გაზიარების და ახალი საქმიანი ურთიერთობების წამოწყების ადგილს წარმოადგენს. TMG-ს ყოველწლიურად 100-მდე დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, რუსეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან. მონაწილეთა შორის არიან მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, ინტერნეტ-პროვაიდერები, ქსელის ოპერატორები და სხვადასხვა საკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლები.

TMG-ს რეგულარულად ესწრებიან ისეთი მსხვილი და გავლენიანი კომპანიები როგორებიცაა: Deutsche Telecom, Telia-Sonera, Sparkle Telecom Italia, PCCW, Rostelecom, Turk Telecom და სხვები. რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სატელეკომუნიკაციო კომპანიები ყოველ წელიწადს სტუმრობენ „სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს“ ქართულ კომპანიებთან არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად.

„აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. "პაშა ბანკი" ყოველთვის ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მომავალშიც ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას როგორც პირდაპირ, ასევე სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერის გზით,“- აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, "პაშა ბანკის" კომერციულმა დირექტორმა.

“ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ „პაშა ბანკი“ მუდმივად უდგას გვერდში ქვეყანაში ეკონომიკის აღმავლობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს და ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას. „პაშა ბანკის“ მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ღონისძიებისთვის,” - განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

"პაშა ბანკი" ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

(R)