მარკეტინგის ჰოლანდიელი ექსპერტი სასტუმროების მენეჯერებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს

თბილისის მერიის მოწვევით, დედაქალაქს მარკეტინგის ჰოლანდიელი ექსპერტი იაკობ ვან დრევენი ესტუმრება. იაკობ ვან დრევენი სასტუმროების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მასტერკლასზე დასწრება მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების 15 მენეჯერს შეეძლება. პროექტის მონაწილეები ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო გამოცდილებას, ევროპული სტანდარტების საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტრუმენტებს, წარმატებულ ქეისებს და მარკეტინგულ სტრატეგიებს გაეცნობიან. იაკობ ვან დრევენი თბილისის სასტუმროებსაც ეწვევა და მარკეტინგის მენეჯერებს ბაზარზე სწორ პოზიციონირებასთან დაკავშირებით კონსულტაციას ადგილზე გაუწევს.

პროექტს თბილისის მერია საერთაშორისო ორგანიზაცია PUM Netherlands Senior Experts-თან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტი საპილოტეა, მონაწილეობა კი უფასოა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მარკეტინგის ექსპერტი იაკობ ვან დრევენი ტურიზმისა და სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში საქმიანობს. ის არის ორგანიზაცია World Travel Academy-ს და მისი შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტისა და ტურიზმის კოლეჯის დამფუძნებელი. ჰოლანდიელი ექსპერტი თბილისში დღეს ჩამოვა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მსურველი სასტუმროების წარმომადგენლებმა განცხადებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს 16 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ.