"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხის დაყენებას გეგმავენ. ასევე, დაცვის მხარე კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნამდე სხდომის გადადების შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებს. აუდიტორულმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს, რეალურად რა ღირებულების იყო ის წილი ტელეკოპანიაში, რომელსაც ხალვაში ფლობდა, როდესაც მან წილი გაყიდა.

ამასთან, საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდასაჭერად აქციაც გაიმართება. "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.