ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივლისში ან აგვისტოში დაიწყება

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივლისში ან აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობაც იგეგმება, "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში თუ გამოითქვა წინადადებები ამ ინდუსტრიულ ზონაში კონკრეტული საწარმოების მშენებლობაზე, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ კარგი კანონი "თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ", თუმცა შეიძლება მასში რაღაცების გამოსწორება.  მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი 600 ჰექტარზე, ძირითადად, საწარმოების მშენებლობას გულისხმობს. "რადგან ჯერ არ არის დასახელებული ოპერატორი, შესაბამისად, ნაადრევია ლაპარაკი, რა საწარმოები შეიძლება აშენდეს. ფორუმზე რთული შეკითხვებიც დაისვა, მაგალითად, რამდენად სწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, რამდენად არიან დაცული ინვესტორები საქართველოში. ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა და ყველა შეფასება დადებითი იყო. შარშან ქვეყანაში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციები გვქონდა და წლეულსაც არანაკლებს ველოდებით.

როცა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს, ის რაღაცაზე უნდა აისახოს. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, სერვისები და სხვ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასთან ერთად აუცილებელია მათი გონივრულად დაბანდება, რომლებსაც მოაქვთ ყველაზე მეტი დამატებითი ღირებულება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ისაუბრა ჩინურ ინვესტიციებზე. კითხვაზე, დიდი ოდენობით ჩინური ინვესტიციის შემოსვლას საქართველოში ხომ არ მოჰყვება თან ისევ მათი მუშახელი, ქუმსიშვილმა განმარტა, რომ ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ უნდა დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა. "გამომდინარე აქედან, თუ სწორად მივუდგებით ამ საკითხს, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ ინვესტორმა მოგება ნახოს, უნდა ნახოს. მაგალითად, "ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს უძრავი ქონების სექტორში, აქვთ სასტუმრო, ეკონომიკის სამინისტროს შენობაც მათ იყიდეს და კიდევ ერთი სასტუმრო ექნებათ, აქვთ ბანკი, ინდუსტრიული ზონა და აგროსექტორშიც აპირებენ შესვლას. მთავარია, იყოს კონკურენცია და გახსნილი ბაზარი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.