პედაგოგების ინფორმაციით, გორის რაიონში 34 საბავშვო ბაღის პერსონალს თვენახევარია ხელფასი არ აუღია

პედაგოგების ინფორმაციით, გორის რაიონში 34 საბავშვო ბაღის პერსონალს თვენახევარია ხელფასი არ აუღია.

როგორც გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგმა განაცხადა, აგვისტოში გორის ბაგა-ბაღების მართვის გაერთიანება შეიქმნა. 34 საბავშვო ბაღში პედაგოგებს ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვთ და თვენახევარია ხელფასი არ აუღიათ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის პერსონალი გზის გადაკეტვას აპირებდა, რის გამოც, აგვისტოს ორი კვირის ხელფასი - 120 ლარი დაერიცხათ. "ძალიან დიდ შიშში ვართ. გორის ბაგა-ბაღების მართვის გაერთიანებაში გვეუბნებიან, ხმას ამოიღებთ და წახვალთო. ხელფასი არ გვაქვს. საუბარია 34 საბავშვო ბაღზე. მაგალითად, სოფლებში - ქვეშში, სათემოში, ახალსოფელში, კარალეთში, გარეჯვარში, ძევერაში საბავშო ბაღების პერსონალს თვენახევარია ხელფასი არ აუღიათ, არც ხელშეკრულებებს გვიდებენ. გვაშანტაჟებენ, რომ იანვრამდე დროებით ვმუშაობთ", - აღნიშნა პედაგოგმა.

ამასთან, აღმზრდელი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას აქტივისტების, თავიანთი კადრების დასაქმება სურთ. "გვეუბნებიან, "ნაციონალი" ხარ, გაჩუმდი, წახვალ, ჩვენი ხალხი, აქტივისტები გვყავს დასასაქმებელიო", - აღნიშნა პედაგოგმა.