კვლევის მიხედვით, ქართული პოლიტიკის აქტიური სუბიექტები არ ფლობენ და არ აფინანსებენ არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს აქვს ან ჰქონდა გარკვეული კავშირი მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" ან ამჟამად ოპოზიციაში მყოფ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", დღეის მონაცემებით, ქართული პოლიტიკის აქტიური სუბიექტები არ ფლობენ და არ აფინანსებენ არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში - "ვის ეკუთვნის ქართული მედია".

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიზანია, ერთის მხრივ, განაახლოს ინფორმაცია მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაზე და წარმოაჩინოს ამ მედიასაშუალებებზე მიმდინარე ცვლილები, ხოლო მეორეს მხრივ, ყურადღება გაამახვილოს ონლაინ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიში ძირითადად ეფუძნება 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევას და მას ემატება ახალი ონლაინ მედიასაშუალებების შესახებ ინფორმაცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. "ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა", - აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ასევე საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავაზე, რომელსაც ანგარიშის ავტორების აზრით, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე საკაბელო და ინტერნეტმაუწყებლის მფლობელობა ანტიდასავლურ და რელიგიურ ორგანიზაციებს უკავშირდება. მათი დეკლარირებული შემოსავალი საკმაოდ მცირეა, რის გამოც გაურკვეველია, რა სახსრებით მაუწყებლობენ ეს არხები. ონლაინ-მედიასაშუალებებს შორის კი გვხდება პოლიტიკური გემოვნების მიხედვით გაერთიანებული ჯგუფები. ზოგიერთი ასეთი ვებგვერდი მუდმივი თანამშრომლებისა და შემოსავლის გარეშე ფუნქციონირებს, რაც ანგარიშის ავტორების აზრით, ეჭვქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის თანახმად ანტიდასავლურად განწყობილ ონლაინ მედიასაშუალებებს განეკუთვნებიან: reportiori.ge, marshalpress.ge, geworld.ge და saqinform.ge, Tb24.ge, taoba.ge.  ონლაინ მედიასაშუალებები ოპოზიციური პოლიტიკური დღის წესრიგით არიან "თავისუფალი ზონა", freshnews.ge, editori.ge და iveria.biz.  მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ ონლაინ მედიასაშუალებად irakligaribashvili.ge დასახელდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხაზს უსვამს, რომ მედიის დამოუკიდებლობის გარანტი ხელისუფლების გარდა მედიასაშუალებების მფლობელებიც არიან და უმნიშვნელოვანესია, რომ მათმა ქმედებამ ზეგავლენა არ მოახდინონ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე.