"ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ" ილიას უნივერსიტეტთან ერთად პროექტი განახორციელა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ" ილიას უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად".

სსიპ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სსიპ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო" ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს შანსს დახვეწონ, განავითარონ და განახორციელონ ბიზნეს იდეები. მთავარი ინსტრუმენტი აქ ინოვაციური იდეაა. სწორედ ამ მიმართულებით სააგენტომ ილიას უნივერსიტეტთან ერთად განახორციელა პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად".

"18 ოქტომბერს, "თბილისი მოლში" გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად" ფარგლებში შექმნილი პროდუქტის ბაზარზე გატანა პირველად მოხდა სააგენტოს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეებს შეეძლოთ საკუთარი პროდუქტის დატესტვა და სამომავლო სტრატეგიების განსაზღვრა. პროექტში არსებული 8 გუნდს წარმოდგენილი ჰქონდა ილიას სამრეწველო ინოვაციურ ლაბორატორიაში დამზადებული ორიგინალური დიზაინის მქონე პროდუქცია. მათ საშუალება ეძლეოდათ მოესმინათ დამთვალიერებლისა და მომხმარებლის შენიშვნები.

პროექტის განმავლობაში, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდებოდა და 18 ოქტომბრის გამოფენა გაყიდვით დასრულდა, ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს შეეძლოთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოეყალიბებინათ გუნდები, ერთობლივად ემუშავათ იდეებზე, შეექმნათ ბიზნეს გეგმა, გაეკეთებინათ პროდუქტის 2D მოდელი. მათთვის ხელმისაწვდომი იყო თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატურა. ყველა დარეგისტრირებული პირისათვის გათვალისწინებული იყო ბიზნესის სატრენინგო კურსი, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპის შესწავლა, აგრეთვე ლაბორატორიაში არსებული უახლესი ტექნოლოგიების ბიზნეს საქმიანობაში გამოყენებისა და ამ ტექნოლოგიების ბაზაზე ინოვაციური პროდუქტების შექმნის პერსპექტივების გაცნობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს ბიზნეს სტარტაპებს და ახალგაზრდებს ეხმარება იდეების რეალიზებაში. მათი ფორმირება ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. უკვე არსებობს Fab Lab-ებში შექმნილი და განვითარებული ბიზნესები. პროექტის კარი ყველა ინოვაციური იდეისათვის ღიაა. პირველი ეტაპი 18 ოქტომბრის გამოფენა-გაყიდვით დასრულდა, თუმცა პროექტი აუცილებლად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.