ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან სანიაღვრე კოლექტორი მოეწყო

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ძლიერი ნალექების დროს, სანიაღვრე კოლექტორი ვერ ატარებდა მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მოეწყო 1000 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები. დიდუბის რაიონში წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის 7 მისამართზე უკვე დასრულდა სამუშაოები, ხოლო წლის განმავლობაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 68 ობიექტზე განხორციელდა.

წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციის შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს.