სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღორის აფრიკული ცხელება საქართველოში 2008 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღორის აფრიკული ცხელება საქართველოში 2008 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად (DTRA), ყოველწლიურად სერომონიტორინგს - სისხლის ნიმუშების აღებას და ლაბორატორიულ კვლევას ახორციელებს. სააგენტოს განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოში აღნიშნული დაავადება არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დღეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, "როსსელხოზნადზორის" ომსკის რეგიონულმა სამმართველომ ყაზახეთი-რუსეთის საზღვარზე 20 ტონა ამერიკული წარმოების ღორის ხორცი ამოიღო და გაანადგურა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ტვირთმა საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა ისე გაიარა.

შეგახსენებთ, რომ "როსსელხოზნადზორმა" ამერიკული სალა გაანადგურა, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს. "პრობლემას ის ფაქტი ამწვავებს, რომ ამჟამად საქართველოდან რუსეთში ღორის პროდუქციის შემოტანა აკრძალულია, რადგან იქ ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული. მარკირების არარსებობის გამო ტვირთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ამას დაემატა ისიც, რომ პროდუქცია საქართველოდან შემოიტანეს. ამიტომ, გადაწყდა პროდუქციის განადგურება", - განაცხადა "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელმა ალექსეი ხარინმა.