"აგროსისტემების", "კარმენისა" და "კარმენი-K"-ს მიერ ხორბლის ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა

კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის თანახმად, შპს "აგროსისტემების", შპს "კარმენისა" და შპს "კარმენი-K"-ს მიერ საქართველოს ხორბლის ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2014 წლის 6 ნოემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალაგროს" განცხადება აზერბაიჯანული კომპანიის "კარატ ჰოლდინგის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. "განმცხადებლის ინფორმაციით, 2009 წლიდან აზერბაიჯანულმა კომპანიამ "კარატ ჰოლდინგმა" ბაზარზე პრივილეგირებული მდგომარეობა დაიკავა. საქართველოში შემოსვლის შემდეგ "კარატ ჰოლდინგის" მფლობელობაში გადავიდა:

1) შპს "აგროსისტემები" - მარნეულის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 600 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 80 000 ტონა); ყოფილი "მზეკაბანი" (200 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 50 000 ტ.);

2) შპს "კარმენი" - გორის წისქვილკომბინატი "ფორტე" (სიმძლავრე 350 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე 42 000 ტ.);

3) შპს "კარმენი - K" -კაჭრეთის წისქვილკომბინატი (სიმძლავრე 200 ტ/დღეში; შემნახველი სიმძლავრე - 120 000 ტ.);

ასევე, დამატებით იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოლდინგი ბაზარზე ოპერირებდა პერიოდულად არასამართლიანი ფასით. შესაბამისად, განმცხადებლის ინფორმაციით, ირღვეოდა "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლი და იქმნებოდა ხორბლის სტრატეგიული მარაგების ერთი კომპანიის ხელში თავმოყრის საფრთხე, რაც მათი მოსაზრებით აისახებოდა ფქვილის ფასზეც (არასამართლიანად დაბალ ფასად გამოაქვს ფქვილი ბაზარზე გასაყიდად).

სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N27 ბრძანების შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა შპს "აგროსისტემების", შპს "კარმენი -კ"-სა და შპს "კარმენის" მიერ "კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) დარღვევის ფაქტზე. ამასთან, შესაბამისი ეკონომიკური აგენტები, მოკვლევის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებად და სააგენტომ საბაზრო წილისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი კრიტერიუმების შეფასება განახორციელა, მათი ერთ სუბიექტად მიჩნევის საფუძველზე.

სააგენტოს მიერ განისაზღვრა შესაბამისი ბაზარი და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის მოკვლევა განხორციელდა ხორბლის ფქვილის შესაბამის ბაზარზე 2012-2015 წლებში. მიუხედავად ამისა, დომინირებული მდგომარეობის შეფასებისას სააგენტომ გაითვალისწინა ფქვილის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა პოზიციები ხორბლის შესაბამის ბაზარზე, ვინაიდან აღნიშნული ბაზრები წარმოადგენენ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ზედა და ქვედა დონის ბაზარს, სადაც ერთი ბაზარი (ხორბლის ბაზარი) მეორე ბაზრისთვის (ფქვილის ბაზარი) რესურსების მიწოდების არეალს წარმოადგენს და შესაბამისად, "მიმწოდებელ" ბაზარზე არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეორე (ხორბლის ფქვილის) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების პოზიციაზე. ამასთან, სააგენტოს მიერ შესაბამის გეოგრაფიულ ბაზრად მიჩნეულ იქნა საქართველოს ტერიტორია.

მოკვლევის პროცესში, მოკვლევის ჯგუფმა გასწია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაო, რომელიც წარიმართა საჯარო დაწესებულებებთან და ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში. სააგენტომ დაამუშავა, როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული და ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია. მოკვლევის პროცესისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფქვილის/ხორბლის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან მიღებულ იქნა ახსნა-განმარტებები და კონსულტაციები. შპს "აგროსისტემების", შპს "კარემენი-კ"-ისა და შპს "კარმენის" დომინირებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სააგენტოს მიერ შეფასებულ იქნა: 1) ხორბლის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება საქართველოში; 2) ფქვილის იმპორტი საქართველოში; 3) ფქვილის რეალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები; 4) ხორბლის ფქვილის მწარმოებელი მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტების სარეალიზაციო ფასების შედარებითი ანალიზი; 5) წისქვილკომბინატების და ელევატორების სიმძლავრეები ადგილობრივ ბაზარზე და ეკომონოკურ აგენტთა ელევატორების და საწარმოოს სიმძლავრეების შედარებითი ანალიზი;

მოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ 2013-2014 წლებში მოპასუხე ურთერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების (შპს ,,აგროსისტემები", შპს ,,კარმენი" და შპს ,,კარმენ K") საბაზრო წილი შესაბამის (ფქვილის) ბაზარზე უახლოვდებოდა 40%-ს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ეს გარემოება ვერ იქნებოდა საკმარისი დომინირებული მდგომარეობის დასადასტურებლად - სააგენტომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ეკონომიკურ აგენტის მიერ გაკონტროლებული, ბაზარზე მკვეთრად გამოხატული წილი (თუნდაც 40%-ზე ნაკლები) სხვა მაჩვენებლებთან ერთბლიობაში, კერძოდ, საწარმოო სიმძლავრეებთან და ელევატორების სიმძლავრეებთან ერთად წარმოადგენს საკმარისი საბაზრო ძალის წარმომქმნელ ეკონომიკურ მახასიათებელს იმისათვის, რომ "შესაბამის ეკონომიკურ აგენტს საშუალებას მისცეს, იმოქმედოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია". შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ სახეზეა მოპასუხე ეკონომიკური აგენტის, კერძოდ შპს ,,აგროსისტემების", შპს ,,კარმენისა" და შპს ,,კარმენ K"-ს, როგორც ურთიერდამოკიდებული პირების, დომინირებული მდგომარეობა საქართველოს ხორბლის ფქვილის სასაქონლო ბაზარზე.

დომინირებული მდგომარეობის დადასტურების შემდეგ, სააგენტომ შეაფასა დომინანტი კომპანიების საბაზრო ქმედებების ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობა და საქმეში არსებული გარემოებების ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას უარყოფენ იგივე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნული ეკონომიკური აგენტის დომინირებულ მდგომარეობას. კერძოდ, თუ წარმოებაში არსებული უპირატესობა, ეკონომიკური აგენტის უკან მდგარი ფინანსური კაპიტალი, ფქვილის შესაბამის ბაზართან მჭიდროდ დაკავშირებულ ხორბლის ბაზარზე არსებული უპირატესობები (ელევატორების სიმძავრეები) წარმოადგენენ იმ მახასიათებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზე სააგენტომ მიუთითა 40%-ზე ნაკლები საბაზრო წილის მქონე ურთიერთდამოკიდებული პირების დომინირებულ მდგომარეობაზე, იგივე გარემოებები მიუთითებენ იმაზე, რომ აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტს შესწევდა საბაზრო ძალა და გააჩნდა ბიზნეს შესაძლებლობა, ეწარმოებინა ფქვილი ბაზარზე მოქმედ დანარჩენ ეკონომიკურ აგენტებზე უფრო ნაკლები დანახარჯებით (ერთეულზე) და შესაბამისად, გაეყიდა იგი შედარებით დაბალ ფასად, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის მოგების მაქსიმიზაციის პრინციპთან, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პირობებში მიღწეულ იქნას როგორც მცირე მარჟითა და დიდი ბრუნვით, ასავე მაღალი მარჟითა და მცირე ბრუნვით, ხოლო არჩევანი ბიზნეს სუბიექტის მიერ არის გასაკეთებელი.

მოკვლევის ჯგუფის მიერ განხორციელებული ანალიზის შესაბამისად, არ გამოიკვეთა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების (შპს "აგროსისტემები", შპს "კარმენი", შპს "კარმენ K") ცალსახა კონკურენტული უპირატესობა სხვა ძირითად კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში, არც ხორბლის იმპორტის ფასის და არც ფქვილის სარეალიზაციო ფასის მიხედვით, ვინაიდან ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს რიგ შემთხვევებში უფიქსირდებათ უფრო დაბალი ფასები ხორბლის იმპორტსა და ფქვილის რეალიზაციაში. სააგენტოს დასკვნაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზეც, რომ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ანუ კონკურენციის პრინციპების დარღვევის ძირითად მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს დანარჩენი ეკონომიკური აგენტების ბაზრიდან განდევნის გზით საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება და საბაზრო წილის ზრდა, ხოლო საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფქვილის ბაზარზე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს 2013-2014 წლებში პრაქტიკულად არ გაზრდია საბაზრო წილი, ხოლო 2015 წელს (7 თვის მონაცემებით) პირიქით, მისი წილი განიცდის მნიშნელოვან ვარდნას და, დაახლოებით, უტოლდება ბაზრის საერთო მოცულობის 30%-ს. აღნიშნული კიდევ უფრო ასუსტებს ვარაუდს იმის თაობაზე, რომ რიგ შემთხვევებში, კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასით ოპერირება პირდაპირ იყო მიმართული ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის გამყარებისა და ბაზრის კონცენტრაციის გამსხვილებისაკენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან წარმოებულ საფასო პოლიტიკაში არ იკვეთება "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის ნიშნები და წინაპირობები. შესაბამისად, არ დადასტურდა შპს "აგროსისტემების", შპს "კარმენისა" და შპს "კარმენი-K"-ს, როგორც ურთიერთდამოკიდებული ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი ქცევის გაგებით, საქართველოს ხორბლის ფქვილის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამასთან, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისათვის", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.