ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მამაკაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი ქალების ხელფასთან შედარებით გაცილებით მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების სფერო ერთი და იგივეა. მაგალითად, 2014 წელს დაქირავებით დასაქმებული კაცების საშუალო ხელფასი 980 ლარი იყო, ქალების კი - 617 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით, გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი განათლების სფეროში იყო – 456 ლარი, ყველაზე მაღალი კი საფინანსო საქმიანობაში – 1,590 ლარი. ამას გარდა, ყველაზე მაღალაზაღაურებად საქმიანობის სახეებში საფინანსოს გარდა შედის სახელმწიფო მმართველობა - 1,232 ლარით, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1,074 ლარით და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1,039 ლარით.

2014 წელს ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო განათლების გარდა იყო სასტუმროები და რესტორნები, სადაც საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, 477 ლარი იყო, მას მოჰყვება თევზჭერა, მეთევზეობა - 503 ლარით. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. ორივე სექტორში ერთი და იგივე საქმიანობის სახეებია ჩამოთვლილი, თუმცა სახელმწიფო სექტორში იგულისხმება ყველა სახელმწიფო დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომლის 50%-ზე მეტი წილი აქვს სახელმწიფოს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 50%-ზე მეტი წილი აქვს კერძო ორგანიზაციებს. საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2010 წელს იყო 539 ლარი, 2011 – 589 ლარი, 2012 – 656 ლარი, 2013 – 738 ლარი, 2014 წელს კი 788 ლარი. რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორს, 2010 წელს საშუალო ხელფასი იყო 661 ლარი, 2011 წელს – 670 ლარი, 2012 – 748 ლარი, 2013 – 795 ლარი, ხოლო 2014 წელს – 836 ლარი.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროში არაფერი შეცვლილა და პირველ პოზიციას ისევ საფინანსო საქმიანობა იკავებს, დასაქმების ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო კი განათლებაა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE