სეპარატისტები საქართველოს ენერგოსისტემას "აყაჩაღებენ"

ზამთარში ქვეყნის მთავარი ელექტროსადგურის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. ამ პერიოდში სიტყვიერად შეთანხმებული კვოტები 40/60-ზე არ სრულდება. საქართველოს ელექტროსისტემა იძულებულია დანარჩენი რეგიონების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად იმპორტი გაზარდოს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარება ყოველ წელს იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე ამ რეგიონის დასაკმაყოფილებლად სისტემიდან უფრო მეტი ელექტროენერგია გავიდეს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი ერთად გამოიმუშავებენ. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზეთს ამდენი დენი არ სჭირდება და მას კრასნოდარის მხარეში ყიდიან.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 54%-ით შემცირდა. ქვეყნის მთავარმა ელექტროსადგურმა აგვისტოში 423,8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, ხოლო სექტემბერში 197 მლნ კვტ/სთ (226,7 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები). მიზეზი არის ის, რომ უკვე მეორე წელია, ძლიერი გვალვის გამო, ენგურის წყალსაცავში წყლის დეფიციტია. როგორც წესი, შემოდგომა-ზამთარში ენგურჰესი ისედაც მკვეთრად ამცირებს ელექტროენერგიის გენერირებას. ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთს გაცილებით მეტი ელექტროენერგია მიაქვს, ვიდრე ენგური გამოიმუშავებს. თუ ვარდნილჰესსაც დავუმატებთ, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზეა, ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. არადა, ენგურჰესის მოვლა-შენახვის ხარჯებს მთლიანად საქართველოს მთავრობა იღებს და ამ ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ათეულობით მილიონი ლარის კრედიტია აღებული.

"ბიზნეს-რეზონანსი" ამ დილემის შესახებ უკვე წერდა, მაგრამ თუკი მდგომარეობას თვეების მიხედვით გავაანალიზებთ, პრობლემა უფრო ნათლად გამოჩნდება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. 2004 წლის დეკემბერში ენგურჰესმა 185,409 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, საქართველოს ენერგოსისტემამ აფხაზეთს 199,633 მლნ კვტ/სთ ენერგია მიაწოდა. 2015 წლის იანვარში- ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 192,6 მლნ კვტ/სთ იყო, აფხაზეთს 219 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა. ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის დამატებითაც კი, მდგომარეობა დიდად არ იცვლება, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია თითქმის მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სეპარატისტებს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვთ, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან იმპორტი სჭირდება.

კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, რატომ არ ნაწილდება ელექტროენერგია პიკურ პერიოდებშიც თანაბრად "ბიზნეს-რეზონანსი" ამ საკითხის გარკვევას შეეცადა.

"ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ზამთრის პერიოდში ვარდნილისა და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის 90-100% მთლიანად აფხაზეთს მიაქვს. იგი განმარტავს, რომ წლის ბალანსის მიხედვით განაწილების კვოტა ზუსტია - 40-60-ზე, ვინაიდან ზაფხულში აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება, ხოლო ენგურის გამომუშავება იზრდება. "წლის ჭრილში კი არის 40-60-ზე, მაგრამ ზამთარში აფხაზური მხარის მოხმარება იზრდება. ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-90%-მდე, ხანდახან 100%-იც აფხაზეთს მიაქვს. სამწუხაროდ, არაფერი ბერკეტი არ გვაქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ზამთარშიც ასე განაწილდეს," - ამბობს ლევან მებონია.

- აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია. შესაბამისად, საქართველოს ენერგოსისტემა აფხაზეთის რეგიონს იმ მოცულობის ელექტროენერგიას მიაწვდის რამდენსაც მოითხოვენ? ანუ საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი გამოიმუშავებენ?

- ალბათ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან იქნება შეხვედრები და მოთხოვნა იმისა, რომ დაიცვან ეს კვოტები. ეს არის სიტყვიერი შეთანხმება და ოფიციალურად არსად არ არის გაფორმებული. არ ვიცი რა შედეგი იქნება, ძალიან ბევრსაც ვერ წაიღებენ, ქსელი ვერ გაატარებს, მაგრამ ბოლო წლებში მატება არის.

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში აფხაზეთს უფრო მეტი ელექტროენერგია მიაქვს, წლიურ ჭრილში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებული შეთანხმება დაცულია. იმ შემთხვევაში კი, თუ აფხაზეთის ენერგომოთხოვნა გაიზრდება, საქართველოს ენერგოსისტემა ამ რეგიონს სასურველი რაოდენობის ელექტროენერგიას მიაწვდის. "იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის მოხმარება გადააჭარბებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას, არსებული ენერგოინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ აფხაზეთს მიეწოდოს სისტემიდან დამატებით ელექტროენერგია. ამ ეტაპზე არსებული შეთანხმებით, აფხაზეთს მიეწოდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის წლიური გამომუშავების დაახლოებით 40%", - აღნიშნეს ენერგეტიკის სამინისტროში.

აფხაზეთის ენერგეტიკა მთლიანად ელექტროენერგიაზე დგას. რეგიონში არ არის გაზი და მოსახლეობა, "მუქთა" ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება. ამ დროს კი, ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების ელექტრომომარაგებისთვის უფრო და უფრო მეტი იმპორტია საჭირო, რომელიც დენის ტარიფის გაზრდას გარდაუვალს ხდის.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რეზო არველაძის განცხადებით, საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს.

მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რომ ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ით აფხაზეთის რეგიონი მომარაგდებოდა, ხოლო დარჩენილი 60%-ით დანარჩენი საქართველო. საყურადღებოა ისიც, რომ ვარდნილჰესების კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებში ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისას (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.

არველაძის განცხადებით, როდესაც აფხაზებმა ეს საკითხი დააყენეს, მათი არგუმენტი იყო ის, რომ ენგურჰესის ძირითადი ფონდის 40% აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის 40% უნდა მიეღოთ.

"ბუნებრივია, თუკი შესაძლებელია შეთანხმდე 40/60%-იან კვოტებზე, მაშინ ყოველთვიურადაც ასე უნდა განაწილდეს. ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ელექტროსისტემის სადისპეტჩერო სამსახურმა," - ამბობს არველაძე და იქვე დასძენს, რომ დისპეტჩერიზაციას არავინ არაფერს ეკითხება. "აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას. უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა ტერიტორიები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს არველაძე და დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს.

კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, რომელიც აფხაზეთის რეგიონისთვის კვოტების განაწილების დოკუმენტზე მუშაობდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარეები ინდივიდუალურად იღებენ. იგი აფხაზეთის რეგიონის უპირატეს მდგომარეობაში ყოფნას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ წლის ნებისმიერ პერიოდში კვოტები დადგენილი წესით უნდა გადანაწილდეს. "მე არ მესმის თუ რატომ უნდა წაიღოს ზამთარში უფრო მეტი ელექტროენერგია აფხაზეთმა, უფრო მეტი ეკონომიკა აქვს თუ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე? ეს არ შეიძლება. ალბათ რაღაც შეთანხმებაა, რომელიც იმ ინსტრუქციაში არ გვქონდა გათვალისწინებული. მისი კვოტა 40%-ია - დღიურად, თვიურად თუ საათობრივ რეჟიმში ეს ჩვენ არ გაგვითვალისწინებია, ამას დისპეტჩერები აკეთებენ. ახლა რა გამოდის? პიკურ და ნახევრად პიკურ (ზამთარსა და გაზაფხულზე) პერიოდში უფრო მეტი იმპორტი შემოგვაქვს და წაგებული ვრჩებით. ეს ნორმალური არ არის. ელექტროენერგია უნდა ნაწილდებოდეს თანაბრად და არავითარი უპირატესობა რომელიმე მხარეს არ უნდა მიეცეს", - ამბობს ანზორ ჭითანავა.

"ენრუგჰესის" 16-კილომეტრიანი გვირაბის ნახევარი აფხაზეთის ტერიტორიაზეა, თავისი აგრეგატებით, გამანაწილებელი მოწყობილობით, ქვესდაგურით. გვირაბის მეორე ნახევარი და კაშხალი სამეგრელოს ტერიტორიაზეა. ელექტროსადგურის ოპერირება აფხაზეთის ტერიტორიიდან ხდება, თუმცა ასევე მკაცრი ოპერირების ქვეშაა მდინარე ენგურს აქეთ მყოფი კაშხალი - მისი დამუშავება, შევსება, დაცლა.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"