აკაკი ბობოხიძე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენელთა ხელფასებზე ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენელთა ხელფასებზეც ზედა ზღვარის დაწესებას ითხოვს და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.

ბობოხიძის ავტორობით პარლამენტს საკანონმდებლო პროექტები წარედგინა, რომლის მიხედვით, სემეკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების ხელფასები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კომისიის წევრთა ხელფასი – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას.

ანალოგიური შინაარსის კანონპროექტი ბობოხიძეს საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით აქვს მომზადებული.  "კანონპროექტების შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, რაც მარეგულირებელ ორგანოებში და საპარტნიორო ფონდში დასაქმებულ პირებს გააჩნიათ, რაც დღეს საქართველოში არსებული ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალია", - განმარტავს პროექტის ავტორი.

"საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონით, სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარს შეადგენს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანის ყოველთვიური ანაზღაურება 6 300 ლარია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის – 6 000 ლარი.