"სააკაშვილის ხელისუფლება ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს მართავდა"

2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით "გაზპრომთან" აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს "გაზპრომთან" და მილსადენთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მოვლენებს, რაც ძალიან სამწუხაროა, "მე შეგახსენებთ, რომ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს "გაზპორმთან" ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით. რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი განხორციელდებოდა და მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ ამერიკის მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში კი არა, უკვე ბოლო თვეების დინამიკაში რეგიონში მოვლენები იცვლება. "საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელთაც საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არცთუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ მოუწოდა ყველას, რომ საკითხს გონივრულად მიუდგნენ. "ამჯერად მაინც უნდა ვთქვათ უარი პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება", - განაცხადა კახა კალაძემ.