მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია 500 000 ლარით დაჯარიმდა

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებარე კომპანია, შპს "რსპ 40" 500 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი ის არის, რომ კომპანიამ მშენებლობის დასრულება დაგეგმილ ვადებში ვერ უზრუნველყო. კერძოდ, პროექტი 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ჯეროვნად ვერ შეასრულა სამუშაოები, რის გამოც მშენებლობის დასრულების ვადებმა გადაიწია.  როგორც კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, "რსპ 40" სამუშაოებს აგრძელებს. მერიაში შენობის ჩაბარებას მიმდინარე თვის ბოლომდე ელოდებიან.

მიუსაფართა თავშესაფარი, სადაც კარვებია განლაგებული, ამ დროისთვის მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. 240 ბენეფიციარზე გათვლილი თავშესაფრის მშენებლობა კი დიდ ლილოში მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს ერთსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება: საძინებლები, სამრეცხაო, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, მედპუნქტი, სტაციონარი, ფსიქოლოგის კაბინეტი. საცხოვრებელ კომპლექსში მოეწყობა შიდა და გარე კანალიზაციისა და წყალსადენის ქსელები, გათბობის სისტემა, ვენტილაცია. თავშესაფარი უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, ხანძარსაქრობითა და საქვაბით. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ეზოს კეთილმოწყობაც. კომპლექსს ეყოლება დაცვა და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარია გამოყოფილი.