არჩილ ხაბაძე: "ბათუმი-ტერმინალს ლიმიტედის" ლიკვიდაცია ნავთობტერმინალის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის

კომპანია "ბათუმი-ტერმინალს ლიმიტედის" ლიკვიდაცია ხელს არ შეუშლის ნავთობტერმინალის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თემის კომენტირების დროს განაცხადა. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ოპტიმიზაცია და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ კომპანიის ოფისი გადმოინაცვლებს ბათუმში.  "გვქონდა კონტაქტი კომპანიის მენეჯმენტთან. ბათუმის ნავთობტერმინალის ბაზირება და ოფისი იყო კვიპროსში. მოხდა ოპტიმიზაცია და ოფისიც გადმოინაცვლებს ბათუმში. იმ კომპანიის ლიკვიდაცია ხდება, ეს არ უშლის ტერმინალის ფუნქციონირებას ხელს. ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება. იურიდიული პროცედურებია მხოლოდ და მხოლოდ", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ამასთან, როგორც ნავთობტერმინალის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ლიკვიდაცია იყო გეგმური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს, ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის პორტს შორის მართვის შუალედური დონეების შემცირებას.