კახა კალაძე: 2019 წლამდე გარკვეული პრობლემები გვაქვს, სანამ შაჰ-დენიზის მეორე ფაზა განხორციელდება

ჩვენ გარკვეული პრობლემები გვაქვს 2019 წლამდე, სანამ შაჰ-დენიზის მეორე ფაზა განხორციელდება, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება "გაზპრომთან" გამართულ შეხვედრას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტრანზიტზე საუბარი ყოველწლიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს მოლაპარაკებები დაახლოებით, აგვისტოდან იწყება, "რადგან ჩვენ დეკემბერში უნდა გავაფორმოთ ეს ხელშეკრულებები". "სომხეთის მხრიდან არის სურვილი, რომ მათ გაზარდონ მოცულობები, რადგან გარკვეული პროექტების განხორციელებას აპირებენ, ახალი თბოსადგურების მშენებლობას და რა თქმა უნდა, როდესაც უფრო მეტი დამატებითი მოცულობები გავა მილსადენში, ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ დამატებით მეტი მოცულობები მივიღოთ. ეს იყო ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე ჩვენ გვინდა, რომ სხვა დანარჩენ კომერციულ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება ისარგებლონ და თუ იქნება შეღავათიანი ფასი მათთვის, წამოიღონ ბუნებრივი აირი ასევე რუსეთიდან, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ფასს, კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, რა თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი. "ვერ გეტყვით, რა ფასზე იქნება საუბარი, თუ მისაღები ფასი იქნება, ამ პროექტს განახორციელებენ. ეს თავად კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ", - განაცხადა კალაძემ. კითხვაზე - რამდენით გაიზრდება ბუნებრივი აირის მოცულობა რუსეთიდან, კალაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად მოლაპარაკების რეჟიმში იმყოფებიან.  "ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ალბათ, იქნება სამუშაო შეხვედრა. როდესაც დეტალები იქნება ცნობილი, უკვე ციფრებზე გადავალთ. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ჩვენ გარკვეული პრობლემები გაქვს 2019 წლამდე, სანამ შემოვა შაჰ-დენიზის მეორე ფაზა. "ბუნებრივი აირი, რასაც ვიღებთ შაჰ-დენიზის პირველი განხორციელებული პროექტიდან, ეს არის საერთო მოხმარების დაახლოებით, 35-40% და არა მეტი. მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, რომ დამატებითი მოცულობის მიღება მოხდეს აზერბაიჯანიდან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არ არის. "ამის შესაძლებლობა, რომ გვქონოდა, მაშინ დამატებით მოცულობებს არ წამოვიღებდით წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ არც წინა ხელისუფლების დროს მოხდებოდა ამ დამატებითი მოცულობების წამოღება", - აღნიშნა კალაძემ.  კითხვაზე, დასჭირდება თუ არა 2019 წლის შემდეგ საქართველოს რუსული გაზი, მინისტრის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მოხმარება ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, იყო თუ არა აღნიშნულ თემაზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრის დროს აზერბაიჯანში, კალაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.