ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თემაზე კომენტირების დროს განაცხადა.

როგორც ხაბაძემ განმარტა, აშენდება საფეხბურთო სტადიონი და არა ოლიმპიური სტანდარტების. მისივე თქმით, სტადიონი 20 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ბიუჯეტი დაახლოებით, 25 მილიონი ლარი იქნება. "ჩვენ ორ ვარიანტს ყოველთვის ვიხილავდით. მანქანათმშენებლის ტერიტორიას, ან ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას. უბრალოდ, მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე ვერ განთავსდებოდა ოლიმპიური სტადიონი, მასშტაბებიდან გამომდინარე. როცა საუბარი იყო ოლიმპიურ სტადიონზე, ალტერნატივის სახით გამოვნახეთ ლეონიძის ქუჩაზე ტერიტორია, იქ 9 ჰექტარია და მასშტაბებში ჯდებოდა. უკვე როცა გადავწყვიტეთ, რომ წმინდა საფეხბურთო სტადიონი უნდა აშენებულიყო და არა ოლიმპიური, კომისიამ ამ ორიდან შეარჩია მანქანათმშენებლის ტერიტორია. სტადიონი იქნება 20 ათას მაყურებელზე გათვლილი, 25 მილიონ ლარამდე უნდა იყოს ბიუჯეტი. საკრებულოში აღნიშნული საკითხი განიხილება, ტერიტორიის გადმოცემის შემთხვევაში 3 თვე იქნება პროექტირებისთვის საჭირო. დაახლოებით, იანვრის ბოლოსთვის დაიწყება სტადიონის მშენებლობა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.