გია გაჩეჩილაძემ "მაესტროს" გაკოტრების საქმის დაწყების განჩინება სასამართლოში გაასაჩივრა

ტელეკომპანია "მაესტროს" 25 %-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ არხის გაკოტრების საქმის დაწყების განჩინება სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც ჟურნალისტებს გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს კერძო სარჩელით 10 ოქტომბერს მიმართეს. ადვოკატის ინფორმაციით, დღეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს, რომლითაც "მაესტროს" ლოგოს გასხვისების ბათილად ცნობას და მისი შპს "მაესტროსთვის" დაბრუნებას მოითხოვენ. "მაესტროს" დირექტორმა 25%-იანი აქციონერის ზურგს უკან, უსასყიდლოდ გაასხვისებინა "მაესტროს" ერთ-ერთი მთავარი აქტივი – მისი ლოგო. საოცარია, მაგრამ დღეს "მაესტროს" სახელი და მისი სასაქონლო ნიშანი ეკუთვნის სხვა კომპანიას, რომლის დამფუძნებელი არის მამუკა ღლონტთან და კოტე გოგელიასთან დაკავშირებული პირი ბაჩო კიკაბიძე. დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გასხვისების ბათილობის მოთხოვნით. გვინდა, რომ "მაესტროს" დავუბრუნოთ მისი ლოგო, რომელიც 2014 წელს უკანონოდ გასხვისდა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ისინი ასევე ითხოვენ აუდიტის ჩატარებას გოგელიას მიერ "მაესტროში" ჩადებულ ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან აქვთ ეჭვი, რომ ტელეკომპანიის ერთადერთი კრედიტორი ის არ არის.  რაც შეეხება "მაესტროს" მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით პარტნიორებისადმი გია გაჩეჩილაძის წინადადებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული არხის გაკოტრება და მოხდება მისი რეაბილიტაცია, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე ტელეკომპანიის მეწილეებს 7 ნოემბერს პარტნიორთა კრების გამართვა სთხოვეს.

"პარტნიორთა კრება 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, თუმცა მას გია გაჩეჩილაძე ვერ დაესწრო, რადგან გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მძიმე ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ ვთხოვეთ "მაესტროს", რომ კრება 10 დღით გადადებულიყო, რა პერიოდშიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოახერხებდა ჩამოსვლას, მაგრამ პარტნიორები აბსოლუტურად არაპარტნიორულად მოეკიდნენ მის ამ თხოვნას და მოსთხოვეს, რომ რეანიმაციიდან გამოცხადებულიყო პარტნიორთა კრებაზე. გია გაჩეჩილაძე უკვე დაბრუნდა გერმანიიდან, რის შემდეგაც ჩვენ წერილი მივწერეთ "მაესტროს" და ვთხოვეთ, რომ 7 ნოემბერს ისევ ჩატარდეს პარტნიორთა კრება, რათა დეტალურად მოხდეს რეაბილიტაციის გეგმის განხილვა", - განაცხადა ადვოკატმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გია გაჩეჩილაძე "მაესტროს" მართვაში გადაცემის სანაცვლოდ მზადაა პარტნიორებს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია წარუდგინოს.