იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სახლში სულ მალე კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის, სამოგზაურო დაზღვევის მიღება იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც კერძო სექტორის სერვისების გაცემას იწყებს.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სადაზღვევო პოლისები კომპანია "უნისონს" ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯაროდ შეთავაზების საფუძველზე განხორციელდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და კომპანია "უნისონს" შორის დღეს მოეწერა ხელი.  იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მისულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც შესთავაზებს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია. "უნისონის" სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დღეში 0.74 თეთრია, ისე ერთწლიან მულტი პოლისს, რომელიც 65 ლარი ეღირება.

ინოვაციურ სერვისზე მუშაობა იუსტიციის სახლში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოებისას დეტალურად გაიწერა მომსახურების პროცედურა და სხვა ისეთი ბიზნეს პროცესები, რაც იუსტიციის სახლისთვის ჩვეული ხარისხიანი მომსახურების გაწევისთვის არის საჭირო. იუსტიციის სახლში კომპანია "უნისონის" სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მათ შორის უცხოელებსაც. პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი.  ამასთანავე, კომპანია "უნისონი" იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა.

მომხმარებელს, რომელიც იუსტიციის სახლში ერთწლიან მულტი პოლისს შეიძენს, ერთთვიანი კონსიერჟ ბარათი (მომსახურება მოგზაურთათვის ტურისტული, გასართობი, ბიზნეს ღონისძიებების რეზერვაცია) საჩუქრად გადაეცემა.