თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა

დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურში "სადგურის მოედანი" თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა" და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" ერთობლივი ინოვაციური პროექტის "უფასო QR ბიბლიოთეკის" პრეზენტაცია შედგა.

თბილისის პირველი უფასო QR ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" დირექტორმა ირინა ჯავახაძემ და"ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან"  პროექტის მენეჯერმა მარიამ მექვაბიშვილმა გახსნეს.

ფონდის ინფორმაციით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობაში კითხვის ჩვევის პოპულარიზაცია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერების მეშვეობით, მეტროს რამდენიმე სადგურში მგზავრებს შეეძლებათ სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი.

წიგნის კითხვა სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Readers-ის საშუალებითაა შესაძლებელი. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც იგეგმება.

ფონდის ინფორმაციით, QR ბიბლიოთეკას სხვა დამატებითი ფუნქციაც აქვს - სპეციალური კოდების მეშვეობით შესაძლებელია თბილისში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად ძებნა.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" და "საბამ" აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. სპეციალურად შეირჩა თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური და პროექტში მონაწილე ელექტრონული წიგნები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან.