ნოდარ ხადური 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე: საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეფასებით, 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი "საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია".

როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის პარლამენტის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტი.  "პარლამენტის წევრებთან ერთად და დაინტერსებულ პირებთან ერთად, ასევე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც საკუთარი, ვთქვათ, მაკროეკონომიკური პროგნოზები აქვთ, დავსხდებით, გავივლით მათ პროგნოზებს, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენ ვარიანტს. ჩვენ არ გავურბივართ სიძნელეებს, მაგრამ გეტყვით, რომ საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ზე მეტის მობილიზებაა დაგეგმილი მომავალ წელს გადასახადების სახით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მთავრობამ საქართველოს პარლამენტს ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი 5 ნოემბერს უნდა წარუდგინოს.