"აქსის თაუერსის" ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "აქსისის" და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის, "აქსის თაუერსის" ოფიციალურ პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ თანაინვესტირების ფონდი აქტიურად განაგრძობს ქართული ეკონომიკის დახმარებას, ხელშეწყობას და გაძლიერებას.  "დღეს კიდევ ერთი დიდი, მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციის მომსწრენი გავხდით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია "აქსისი" თანაბარი წილებით მონაწილეობენ "აქსის თაუერსის" პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 83 მილიონ დოლარს. სწორედ თანაინვესტირების ფონდის ჩართულობით გახდა შესაძლებელი 7 წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტის განახლება. კომპანია "აქსისის" და ფონდის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განახლდა ეს არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც დასრულდება 2017 წელს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კომპანია "აქსისი" არის ერთ-ერთი გამორჩეული დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. "ამჯერად "აქსისი" გვთავაზობს ძალიან საინტერესო პროექტს. ეს არის "აქსის თაუერსის" მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, ასევე ა კლასის საოფისე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, გასართობ და კომერციულ ფართებს, რაც სრულიად ახალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა ასევე აღვნიშნო განსაკუთრებით, რომ მთლიანად ქართული პროექტია "აქსის თაუერსი" და მას ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ. მათ აქტიურად ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ უცხოელი პარტნიორები. დარწმუნებული ვარ, რომ "აქსის თაუერსის" სახით თბილისს შეემატება უნიკალური კომპლექსი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანას საქართველოს ეკონომიკაში, ამ პროექტში დასაქმდება 1000 კაცი მინუმუმ და მშენებლობის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ასეული ადამიანი იქნება მუდმივად დასაქმებული", -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება თანაინვესტირების ფონდის ჩართულობაზე ბიზნესის გაძლიერების საქმეში და განაცხადა, რომ ფონდი უკვე არის მონაწილე 10 პროექტის, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს.

კომპანია "აქსისმა" და საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა პროექტ "აქსის თაუერსის" ოფიციალური პრეზენტაცია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე ტყუპი ცათამბჯენის ტერიტორიაზე გამართეს. პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა პროექტის კონცეფციის დეტალები, ფუნქციური დატვირთვა და ტექნიკური პარამეტრები. მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 (აქედან 4 სართული მიწისქვეშ) სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი შუშის იქნება, ხოლო მეორე - ქვის. "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობა იქნება, 147 მეტრი სიმაღლით. მისი საერთო ფართი 94,000 მ² შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას 500-მდე ავტომანქანაზე.

"აქსის თაუერსის" შუშის კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც ოპერირებას გაუწევს Accor ჯგუფში შემავალი მაღალი კლასის ფრანგული საერთაშორისო ბრენდი Pullman, რომელიც ძირითადად ბიზნეს ტურიზმზეა კონცენტრირებული. შესაბამის ხელშეკრულებას Accor ჯგუფსა და "აქსის თაუერსს" შორის პრეზენტაციაზე მოეწერა ხელი. ამავე კოშკში იფუნქციონირებს A-კლასის ბიზნეს ცენტრი, 15,000 მ² საოფისე ფართით."ქვის კოშკში" განთავსდება 15,000 მ² საცხოვრებელი ბინები შთამბეჭდავი ხედებით. შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურით, რათა მაცხოვრებლებისთვის შეიქმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო. "აქსის თაუერსი" სტუმრებს გართობისა და დასვენებისთვის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს. მასში იფუნქციონირებს: ფიტნეს და სპა ცენტრი; 25 მეტრი სიგრძის ღია აუზი მოძრავი სახურავით; Sky Bar დედაქალაქის საუკეთესო ხედებით, შენობის ბოლო სართულზე; 1,100 მ² ფართის საკონცერტო დარბაზი; კაფეები და რესტორნები; სავაჭრო ცენტრი და სხვა.