როგორ წამოიწყეს აბაშელმა ქალბატონებმა ვარდების ბიზნესი

ხუთმა აბაშელმა ქალბატონმა კოოპერატივის შექმნა და ვარდების სათბურის მოწყობა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა.

თავდაპირველად ქალბატონების ბიზნესი მხოლოდ იდეის დონეზე იყო, თუმცა როდესაც ბიზნეს გეგმამ ევროპის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ქალბატონებმა იდეა რეალობად აქციეს.

დღეისთვის აბაშელი ქალბატონების საკუთრებაში 240 კვ/მ ფართობის სათბურია, რომლის ბაზაზეც 1600 ძირი ვარდი ეტევა. კოოპერატივის წევრების აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში თავიანთი მცირე ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ.

BPN-თან საუბარში კოოპერატივის წევრი, ლეილა ჩოჩია აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას რეალურად დიდი ფიზიკური, მორალური და გონებრივი შრომა დასჭირდა.

,,მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ქვეყანაში პერსპექტივა ჰქონდა კოოპერატივის განვითარებას და მას შეეძლო კარგი ეკონომიკური ეფექტის მოტანა, ჩამოყალიბდა იდეა, შევკრიბეთ თანამოაზრეთა ჯგუფი, მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა ჯერ ბიზნესიდეების, შემდეგ კი ბიზნესგეგმების დონეზე. გავიმარჯვეთ და მივიღეთ 17 500 ლარიანი დაფინანსება. ამ თანხის ერთი ნაწილი ვარდის ნერგების შეძენისთვის იყო განკუთვნილი, დანარჩენი კი რეკონსტრუქციისათვის გამოვიყენეთ“, - აღნიშნავს ლეილა ჩოჩია.

მისი თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ვარდების კოოპერატივი სომხეთიდან შემოიტანს საჭირო რაოდენობის ვარდის ნერგებს და აპრილიდან სრული ძალებით დაიწყებენ პროდუქციის რეალიზაციას.

„ჩვენი საქმიანობა თანდათან ძლიერდება. დაახლოებით ერთ წელიწადში ვფიქრობთ ახალი სანერგე სისტემისა და სათბურის გამართვას. ძირითადად მაინც ადგილობრივი ჯიშის ნერგები გვაქვს. ჯერჯერობით ჰოლანდიურ ნერგებზე ხელი არ მიგვიწვდება. იქაურ ვარდებს პირობებიც შესაბამისი უნდა შეუქმნა, რაც საკმაოდ რთულია. მოგეხსენებათ, ვარდს ისედაც განსაკუთრებული კლიმატური და მორწყვის პირობები ესაჭიროება, ძალიან დიდი სიცხე, როგორიც წელს იყო, არასახარბიელოა მისთვის. ტენი კი მუდმივად უნდა ჰქონდეს. წვეთოვანი სისტემა, რომელიც გვაქვს დაყენებული ჩვენს სათბურში, გვიადვილებს საქმეს. ასევე აუცილებელია დროული შეწამვლაც. ერთი სიტყვით, შედეგის მისაღწევად კომბინირებული მუშაობაა საჭირო“, - ამბობს ლეილა ჩოჩია.

ლეილა ჩოჩია აღნიშნავს, რომ პირველი წელი საკმაოდ რთული იყო, რადგან ექსპერიმენტებისა და ზოგჯერ შეცდომების ფონზე უწევდათ მუშაობა. ვარდის ზოგიერთი სახეობა, რომელიც მათ სათბურში ხარობდა, კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ აღმოჩნდა.

,,ბაზარმა გვანახა, რომ ის ორიენტირებულია მხოლოდ ე.წ. ,,შავ ვარდებზე", ანუ მუქი წითელი შეფერილობის მქონე ვარდებზე. სხვა ფერის რეალიზაცია გაჭირდა. ვარდის ფასსა და ხარისხს მისი ღეროს სიმაღლე განსაზღვრავს, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს შესაბამისი კონდიციის. ამაზე ვმუშაობთ და მთლიანად ორიენტირებულები ვართ ხარისხის გაუმჯობესებაზე."

მომავალში კოოპერატივის წევრები საკუთარი მაღაზიის გახსნასაც გეგმავენ. სათბურში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული, ისინი ყველა ძირითად საქმეს თავად აკეთებენ. სათბურის გაფართოებასთან ერთად მეტი ადამიანის დასაქმებას ვარაუდობენ.

ლეილა ჩოჩიას თქმით, ამ ეტაპზე მოგებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მათი მცირე ბიზნესი მომავალში აუცილებლად წარმატებული იქნება.

,,ვფიქრობ, საკმაოდ სარფიანი ბიზნესია, მგონია, რომ შემოსავალს მოიტანს. ამ ეტაპზე ორინტირებული ვართ ხარისხზე. ვიკვლევთ ბაზრის მოთხოვნას. ის პროდუქცია, რომელიც ახლა შემოგვაქვს, ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. უნდა აღვნიშნო, რომ თვეში ოთხი ადამიანი მაინც მოდის ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად და სათბურის სანახავად, მათაც უჩნდებათ სურვილი, ამ საქმით დაკავდნენ, რადგან ჩვენს წამოწყებაში პერსპექტივას ისინიც ხედავენ“.

ქრისტინე გათენაძე