საპარლამენტო კომიტეტები ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ სამთავრობო უწყებებს უსმენენ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს უსმენენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგი გიგიაძის განმარტებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, სამოქმედო გეგმის დიდი ნაწილი - 7 მიმართულება შესრულებულად ჩაითვალა.  მისივე თქმით, გარკვეულ სფეროებში, რომლებიც თითქმის შესრულებულად (მიგრაციის მართვა, ფულის გათეთრება, სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა, ადამიანის უფლებები), ან ნაწილობრივ შესრულებულად (კორუფცია, ტრეფიკინგი, ნარკოტიკები, თავშესაფარი) იქნა მიჩნეული, ევროკომისიამ რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა იმპლემენტაციის შემდეგ საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი დასრულებულად ჩაითვლება.

"საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე შეუდგა რეკომენდაციებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. მოკლე პერიოდის განმავლობაში შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულეს. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის აქტიური ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის მაისიდან საერთო ჯამში მიღებულ იქნა 15-მდე საკონმდებლო ცვლილება, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით", - განაცხადა გიგი გიგიაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.