იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 13%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-სექტემბერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7309 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1645 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5664 მლნ აშშ დოლარს (9 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 4019 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2318 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 471 მლნ აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1847 მლნ აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 26, 21 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში 31 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 2025 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 630 მლნ აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1395 მლნ აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- სექტემბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-სექტემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-სექტემბერში 9 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1109 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (591 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (535 მლნ აშშ დოლარი). 2015 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 186 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 159 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 141 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-სექტემბერში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 536 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 504 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 349 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).