ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ეფექტური მუშაობის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისათვის ტრენინგები ჩატარდა.  გადამზადება თბილისის, თბილისის აეროპორტის, ქუთაისის, ქუთაისის აეროპორტის, მესტიის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მცხეთის, გორის, ბაკურიანის, ბორჯომის, ახალციხის, სიღნაღის, თელავის, ყვარლის და ბოლნისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების 53-მა თანამშრომელმა გაიარა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.

"სერვის პლუსის" კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. ტრენინგის დროს ინტერაქტიული სწავლების მეთოდი გამოიყენებოდა: სიტუაციების ანალიზი, დისკუსია, შეფასება. ტრენინგზე განხილული საკითხებია: 1. მომსახურების სტანდარტები და მომსახურების მართვა; 2. კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მეთოდები (ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია), ინფორმაციის გადაცემის უნარი; 3. ტურისტების საჭიროებების განსაზღვრა; ტურისტების მოთხოვნების, სურვილებისა და პრობლემების სწორად გაგება; 4. ტურისტული პროდუქტის შეთავაზების ტექნიკა; 5. სატელეფონო კომუნიკაციის სტანდარტები; 6. არასტანდარტულ და სტრესულ სიტუაციებში რეაგირება, მომხმარებლის წინააღმდეგობის ფორმები და გადალახვის ხერხები.