ლაგოდეხში სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ლაგოდეხში, ორგანიზაციის "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" ოფისში, ხვალ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და "ქეა საერთაშორისო კავკასია" იწვევს მედიის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე.

"ენპარდის" ინფორმაციით, ლაგოდეხში აღნიშნულ პროექტს ახორციელებს "ქეა საერთაშორისო კავკასიაში". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბება და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები. "ლაგოდეხის საინფორმაციო შეხვედრა არის გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის გაცნობას, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობით არის დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. რეგიონული განვითარების პრინციპი ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია", - ნათქვამია ინფორმაციაში.