თბილისის მერიამ ჩასასვენებლებზე ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ 350 სოციალურად დაუცველის ჩასასვენებლებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 80 500 ლარია.

შესაბამისად თითოეული სოციალურად დაუცველისთვის 230 ლარია გათვალისწინებული. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, მომსახურება, ასევე უნდა მოიცავდეს სამარხის გათხრას, ჩასვენებას, სამარხის ამოვსებასა და ბორცვის მოწყობას.

აღნიშნულ მომსახურებას, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოციალურად დაუცველი მიცვალებულის ის ოჯახი მიიღებს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ. პალიტრა TV-ის გადაცემა ,,ლურჯ ვაშლში“ აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს ,,ჰერმესის“ სპეციალისტმა ჟუჟუნა კურატიშვილმა და დირექტორმა მიხეილ ძაგანიამ.

ჟუჟუნა კურატიშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე წელი არასაკმარისი დაფინანსების გამო, მიცვალებულებს სუდარით მარხავდნენ.

,,დავით ნარმანიას ინიციატივით, ეს ვითარება შეიცვალა და ამ ეტაპზე უზედამხედველო გვამები სასახლეებით იკრძალებიან. მისივე თქმით, უზედამხედველო მიცვალებულების სასაფლაო 70-იანი წლების შემდეგ ფუნქციონირებს და მათი სასაფლაოზე განთავსება ძირითადად საავადმყოფოებიდან მომართვის საფუძველზე ხდება. დაკრძალვამდე, ექსპერტიზის ბიუროში ამ გვამებს ფოტოებს უღებენ, რათა მომავალში მათი ამოცნობა შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ჟუჟუნა კურატიშვილმა.

,,ჰერმესის“ დირექტორის მიხეილ ძაგანიას თქმით, ერთი უზედამხედველო გვამის დაკრძალვის ღირებულება საშუალოდ 310 ლარი, კატაფალკის ღირებულება კი 80 ლარია.

2014 წელს მერიამ 48 გვამი დაკრძალა, რისთვისაც დაახლოებით 42 000 ლარამდე დაიხარჯა.

ქრისტინე გამთენაძე