ალექსანდრე ყაზბეგის 20-ში მაღაზია გაძარცვეს

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის #20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს. როგორც მაღაზიის მფლობელმა, რობერტ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მაღაზია სავარაუდოდ ერთმა პირმა გატეხა. მისივე თქმით, წაღებულია ერთი ლეპტოპი, მთლიანობაში კი ზარალი 5000-ლარამდე შეადგენს.  "მძარცველმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის ვიტრაჟი. აქედან შიგნით ვერ შეაღწევდა, თუმცა მიწვდა ლეპტოპს და წაიღო. მისი ღირებულება 1450 ლარს შეადგენს. მთლიანობაში ზარალი 5000 ლარამდეა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.