ბიზნეს ასოციაციის წევრთა საერთო ყრილობამ ასოციაციის მმართველი ორგანოები აირჩია

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მეოთხე საერთო ყრილობა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სამეთვალყურეო საბჭო და სამეურვეო საბჭო აირჩიეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ასოციაციის წევრების წინაშე ორწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარსდგნენ. "განვლილი ორი წელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. დღიდან დაარსებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიზანმიმართულად მიიწევდა იმ მიზნისაკენ, რომ ჩამოყალიბებულიყო როგორც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე, ობიექტური და მიუკერძოებელი ინსტიტუტი სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის დიალოგის საწარმოებლად. ასოციაციამ მოახერხა და შეინარჩუნა ასოციაციის დაარსებისას განსაზღვრული, მისი საქმიანობის ძირეული პრინციპი - აპოლიტიკურობა და შედეგად - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ორგანიზაცია დღეს სარგებლობს ნდობის მაღალი მანდატით. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეძლო არაერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად.

ასოციაცია განვლილი პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების პროცესში და თავადაც არაერთი ინიციატივის ავტორი გახლდათ. ასოციაციის წევრთა ყრილობის ფარგლებში, ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები გაიმართა, რომელთა შედეგად მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი კვლავ გიორგი ჭირაქაძე იქნება, იგი ერთხმად აირჩიეს აღნიშნულ პოსტზე. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი იქნებიან. ცვლილებებია ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც ასოციაციის წევრების მიერ, ღია კენჭისყრით დაკომპლექტდა, კერძოდ: ბახტაძე მამუკა (საქართველოს რკინიგზა); გეგენავა არჩილ (ფუდმარტი); გეგეჭკორი გიორგი (რაკია); დევაძე გიორგი (სან პეტროლიუმ ჯორჯია); კვარაცხელია გიორგი (ლილო მოლი); კიკვაძე ზაზა (IDS ბორჯომი საქართველო); კილაძე დავით (ჯი პი სი); კონცელიძე არჩილ (ვი-თი-ბი ბანკი); კურცხალია გიორგი (მაგი სტილი); პაპაშვილი ლაშა (რედიქსი); ტყეშელაშვილი გიორგი (მობიტელი); ფხაკაძე სოსო (ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია); ჭირაქაძე გიორგი (იუ ჯი თი).

წევრთა ყრილობის მიერ დამტკიცდა ასევე ასოციაციის სამეურვეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ბეჟუაშვილი დავით (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი); გილაური ირაკლი (საქართველოს ბანკი); გურგენიძე ვლადიმერ (ლიბერთი ბანკი); დარჩიაშვილი გოჩა (ჯიდი ჯგუფი); იაკობაშვილი დავით (პეტროკას ენერჯი გრუპი); კოხოძე თემურ (თეგეტა მოტორსი); კურტანიძე პაატა (ავერსი); მაქაცარია ხვიჩა (კავკასუს ონლაინი); ნიშნიანიძე ზაზა (შარმ ტრეიდინგი) ;ოქრიაშვილი კახა (პე-ეს-პე); პაპაშვილი ლაშა (რედიქსი); რამიშვილი გიორგი (სილქ როუდ ჯგუფი); სომხიშვილი თამაზ (აიდეკო); ფიფია რომან (აზოტი); ფხაკაძე სოსო (ვისოლ ჯგუფი); ღამბაშიძე გიორგი (ჯეოსპირტპრომი); ჭირაქაძე გიორგი (იუ ჯი თი); ხაზარაძე მამუკა (თი ბი სი ბანკი); შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დაარსებიდან უკვე ექვსი წელი გავიდა, დღეისათვის ასოციაცია სამოცამდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში", -ნათქვამია ინფორმაციაში.