რატომ ვერ მივიღეთ ოქროს მთები და რძის მდინარეები თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისგან?

ამ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ქუთაისში კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა. ითქვა, რომ კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ამ ზონაში 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.

მთავრობის დადგენილებით, "ჰუალინგის" თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი 2045 წლამდე განესაზღვრა. ზონა ქუთაისში 36 ჰექტარზეა განთავსებული. ამ დღეებშივე ცნობილი გახდა, რომ მთავრობას კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნა ანაკლიაში აქვს დაგეგმილი. ახალი თიზ-ი ანაკლიის პორტის უკან, 600 ჰექტარზე იქნება გაშლილი. ეს რიგით მეშვიდე თავისუფალი ზონა იქნება ქვეყანაში. ბოლო წლებში საქართველოში გახსნილი თიზ-ებიდან მხოლოდ ქუთაისის ზონა მუშაობს და იმანაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, მაგრამ მიუხედავად წარსულის უსიამო გამოცდილებისა, საქართველოს ხელისუფლება ამგვარი ზონების გახსნაზე უარს მაინც ვერ ამბობს. ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა.

- თავისუფალი ეკონომიკური ზონა თავისთავად საინტერესო ინსტრუმენტია ქვეყნის ეკონომიკის ასამუშავებლად. მსგავსი ზონების გახსნას მარტო წინა ხელისუფლება როდი ცდილობდა: ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ასლან აბაშიძეც ითხოვდა აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, კანონპროექტიც იყო მომზადებული, მაგრამ ამ იდეას სერიოზული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდა. ის დაუკავშირეს აჭარაში გარკვეული სეპარატიზმის ჩამოყალიბების საფრთხეს, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. ასეა თუ ისე, მაშინ ამ იდეას ხორცი ვერ შეესხა. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმი იყო გამოცხადებული პორტო ფრანკოდ და იქ გაუქმებული იყო საბაჟო, თუ სხვა სახის გადასახადები. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კი, ქვეყანაში რამდენიმე თიზ-ი გაიხსნა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაამართლა ჩვენი იმედები. ფოთის, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის ორმა თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი ვერაფერი შეცვალა. ჩნდება კითხვა - რაღაც შეცდომები ხომ არ იყო დაშვებული? - რეზულტატის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი შეცდომები მართლაც იყო.

- ბატონო ვაჟა, ღირს კიდევ ამგვარი ზონების გახსნა?

- ჩვენნაირი ეკონომიკისა და მდგომარეობის მქონე ქვეყანამ მსოფლიოში აპრობირებული და მის ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში 3 ათასზე მეტი ამგვარი ზონაა და მათგან მხოლოდ 20-22 პროცენტია წარმატებული, ამ ინსტრუმენტზე უარი მაინც არ უნდა ვთქვათ. შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ დუბაის თავისუფალ ინდუსტრიული ზონას, რომელსაც "დუბაის სასწაულსაც" უწოდებენ, სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ასეთი წარმატებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის პრეცედენტი და გამოცდილება. ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ და კარგად გავიაზროთ სხვების გამოცდილება, თუნდაც იმავე დუბაის, ან ჩინეთისა, რომელიც ჩვენი სერიოზული სავაჭრო პარტნიორია. ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც საფუძვლიანი ანალიზი მართებს, რომ ცრუ მოლოდინი არ გააჩინოს და ისევ შეცდომები არ დაუშვას თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ჩამოყალიბების პროცესში.

- მიუხედავდ იმისა, რომ ქვეყანაში გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება შეიმჩნევა ამ ზონების მიმართ?

- დიახ, მიუხედავად ამისა. საყურადღებოა, რომ ასეთი ზონის ამოქმედება გარკვეული თვალსაზრისით საფრთხილოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მისი ინფრასქტრუქტურის მოწყობა ძალიან დიდ სახსრებს მოითხოვს. ეს თანხა ნაწილობრივ სახელმწიფოს ბიუჯეტმა უნდა გაიღოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთოდ, ინვესტიციების დიდი ნაწილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონისკენ მიემართება, რაც სხვა რეგიონებში ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს. ამ საკითხს ბევრი ასპექტი აქვს, რომლის გააზრება და კრიტიკული შეფასება აუცილებელია. "აბრეშუმის გზის" ფორუმის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანაკლიაშიც იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი მთავრობა გასული წლების გამოცდილებას გაიაზრებს, ყველა ასპექტს გაითვალისწინებს და ეს ზონა ანაკლიის პორტთან ერთად წარმატებული იქნება, რითაც სათანადო დივიდენდებს მოუტანს ქვეყანას.

- როდესაც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების გახსნა დაიწყეს, ამ იდეას ძალიან ბევრი ოპონენტი ჰყავდა. მათი მთავარი არგუმენტი იყო - ეს ზონები ისედაც პატარა ქვეყნის არათანაბარ განვითარებას გამოიწვევსო.

- ნებისმიერ ცვლილებას თან ახლავს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შეფასებები. თუ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გააუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს, შაემცირებს უმუშევრობის დონეს და ინფლაციას ქვეყნის რომელიმე რეგიონში, ეს ცუდი სულაც არ იქნება. მართალია, სხვა ზონების ნაცვლად ინვესტიციები ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონისკენ მიედინება, მაგრამ მაინც. თუმცა, ეს და სხვა ფაქტორები გვაფიქრებინებს - ხომ არ ჯობია ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარდეს? ეს ქვეყანა არც ისე დიდია, რომ აქ 5 და 10 ინდუსტრიული ზონა იყოს. თანაც, მსოფლიო პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ დიდ ქვეყნებს და რეგიონებს უფრო მოკლე ხანში შეუძლიათ ინვესტიციების მოზიდვა და ბაზრების ფორმირება, ვიდრე პატარა ქვეყნებს. მაგრამ როგორღაც უნდა მოხერხდეს ნეგატიური მხარეების მინიმიზება. ასე ხელაღებით არ შეიძლება უარი ვთქვათ თავისუფალი ეკონომიკური ზონების ამოქმედებაზე.

- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამგვარმა ზონებმა გაამართლოს?

- პირველ ყოვლისა, საჭიროა საფუძვლიანი გააზრება როგორ, რა პირობებში და რა გარემოში ჯობია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფორმირება, რადგან ეს ზონები ყველგან არ ამართლებს. ამავე დროს, კარგად უნდა გავიაზროთ ის თავისებურებები, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს. თუ ასეთი ზონები რამეში წაგვადგება, მათზე უარი არ უნდა ვთქვათ, ოღონდ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს, რამ შეუშალა ხელი თავისუფალ ეკონომიკური ზონებს განვითარებაში. ისიც საფიქრალია, რომ ჩვენ უფრო ევროპული მოდელების მომხრენი ვართ, ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მიიღო სინგაპურის და ჰონგ-კონგის მოდელი, რომელსაც ყოფილი მთავრობა ასე აპიარებდა. მიუხედავდ იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლება ოქროს მთებს და რძის მდინარეებს გვპირდებოდა, სინგაპურიზაცია უცხო აღმოჩნდა ჩვენთვის. ერთი სიტყვით, მთავრობამ უამრავი ფაქტორი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ თიზ-ს გახსნიდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე