გია გაჩეჩილაძე:  ბოლომდე ვიბრძოლებ "მაესტროს" გადასარჩენად

ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე (უცნობი) განცხადებას ავრცელებს. გია გაჩეჩილაძის განცხადებას, სახელწოდებით "ღია წერილი საზოგადოებას" უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წერილს არ ჰყავს კონკრეტული ადრესატი და ჩემთვის უჩვეულოა საზოგადოებისთვის საჯარო წერილის მიწერა, მაგრამ ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ შექმნილმა გარემოებებმა ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა. დღეს "მაესტროს" გაკოტრებისა და ლიკვიდაციის საკითხი დგას, რაც ჩემი "მაესტროდან" ჩამოშორების სურვილს უკავშირდება. საინტერესოა რატომ? რატომ, როდესაც "მაესტროს" არსებობის არც ერთ ეტაპზე მე "მაესტრო" არ მიმართია, თუმცა მის შექმნაში რა მონაწილოებაც მაქვს მიღებული, თქვენ თვითონ განსაჯეთ. "მაესტრო" იყო ჩემი უკომპრომისო და უანგარო ბრძოლა თანამოაზრეებთან ერთად ყოველი ჩვენთაგანის უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. რატომ მაბრალებენ, რომ მე, რადიო "უცნობის" დამფუძნებელს, რომელშიც არაერთი ცნობილი ჟურნალისტი მოღვაწეობდა, მინდა "მაესტროს" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება? ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ მე ვერეოდი მის დამოუკიდებლობაში ან რადიოს სარედაქციო პოლიტიკაში. რატომ აკოტრებენ "მაესტროს", როდესაც შესაძლებელია მისი გადარჩენა? რატომ მეუბნებოდნენ აქამდე უარს მოლაპარაკებაზე? რა გეგმა აქვთ ისეთი, რომელშიც მე ვერ ვეწერები? რატომ არ არის დღეს "მაესტროს" საკითხი განხილვის ღირსი? რატომ საუბრობენ მხოლოდ "რუსთავი 2"-ზე? იმ დროს, როდესაც სხვა ტელევიზიებს მილიონებს პატიობდნენ, მე "მაესტროს" საკანში ბომბას მიგდებნენ. დღეს ისევ აღრეულია თავისუფალი სიტყვა და პროპაგანდა ერთმანეთში. ყველაფერს პოლიტიკური სპეკულაციის და ორმაგი სტანდარტის სუნი ასდის. საზოგადოება ისევ სიმართლის ძიებაშია. მე ბოლომდე ვიბრძოლებ "მაესტროს" გადასარჩენად", - ნათქვამია გია გაჩეჩილაძის (უცნობი) წერილში.